
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მანდატები დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და დღეს შეიცვალეს აზრი, რადგან აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. მათი დღის წესრიგი იცვლება იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან გარედან. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს?!
მანდატები დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და დღეს შეიცვალეს აზრი იმიტომ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. მათი დღის წესრიგი იცვლება იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან გარედან. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც ვუყურებთ ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც თავს სთავაზობენ სხვა ქვეყნებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ქუჩის ოპოზიციად ბაიდენის ადმინისტრაციამ აქცია და ახლა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციისგან მოისმინეს, რომ ბოკოტს არ ემხრობიან, ერთმანეთთან კამათი და გარჩევები დაიწყეს.
„ვნახეთ ჩვენ თუ რა დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას დემოკრატიული პროცესების მიღმა ხელისუფლების შეცვლის მცდელობებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბოიკოტირების მიმართ. აი, ეს არის სადაც აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც არ უსმენენ საკუთარ ამომრჩეველს და უსმენენ უცხოური ქვეყნის ხელმძღვანელობას. რადიკალური ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყვანა პარლამენტიდან 2024 წელს. ბაიდენის ადმინისტრაციამ დააყრევინა რადიკალურ ოპოზიციას მანდატები და დღეს იმკიან იმას, სადაც შევიდნენ იმის გამო, რომ მოუსმინეს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას.
სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის და ბრიუსელის დამსახურებაა, რომ დღეს ისინი არიან ქუჩის რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც სცადა, მათ შორის ძალადობით ხელისუფლების დამხობა. მათი ლიდერები დღეს სასჯელს იხდიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისთვის.
ალბათ ეს არ იქნება მათთვის გაკვეთილი, მაგრამ ბევრისთვის საქართველოში უნდა იყოს გაკვეთილი. როდესაც ემორჩილები გარე ძალას და ელოდები გარედან რას გეუბნებიან და ამის მიხედვით აწყობ შენს პოლიტიკურ დღის წესრიგს, საბოლოო ჯამში აღმოჩნდები ამ მდგომარეობაში, სადაც დღეს რადიკალური ოპოზიციაა.
