
შალვა პაპუაშვილი: ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი
ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია ,,ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დაუშვებელია, რომ ვინმემ, თუნდაც მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სახელით, საქართველოს ინტერესების დაზიანება სცადოს. სამწუხაროდ, სწორედ ამგვარ ქმედებებს ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან,
„ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად და მიზანმიმართულად გახშირდა რადიკალური, ანტიქართული პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადებები, რომლებიც ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს ეხება და სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება.
საზოგადოებამ მორიგი ასეთი განცხადება გუშინ, რადიკალური ოპოზიციური ალიანსისგან მოისმინა. ჩვენ ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორ ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება.
ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს.

