
შალვა პაპუაშვილი 2024 წლის მოვლენებზე: თითოეული პოლიციელი, რომელიც იმ დღეებში ამ მოძალადეებს აკავებდა, არის გმირი და მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც საქართველო გადაარჩინა „მაიდანს“
ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლოები ჩატარდა, დაზარალებულის მხრიდანაც მოვისმინეთ, თუ რა განწყობები იყო თავად სასამართლოზე. მან თავად განაცხადა, რომ ამ ადამიანებს აქვთ სინანული, რომ ასეთი ინციდენტები მოხდა და მას ბოდიშიც კი მოუხადეს ამისთვის, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაკავებულ სპეცრაზმელებზე საუბრისას.
2024 წლის მოვლენებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ იმ დღეებში ცდილობდნენ ქვეყნის დამხობას.
„არა ხელისუფლების დამხობას, არა სადმე შევარდნას, ქვეყანა უნდა დამხობილიყო და ამას აკეთებდნენ გარედან დაკვეთით ქართველები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის გადაწვას, პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და მათ ცოცხლად დაწვას.
თითოეული პოლიციელი, რომელიც იმ დღეებში ამ მოძალადეებს აკავებდა, არის გმირი და მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც საქართველო გადაარჩინა „მაიდანს“. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბრის ძალადობამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან პოლიტიკოსები იყვნენ ჩამოსული და ერთ-ერთმა, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ „მაიდნისკენ“ მოუწოდა ამ მოძალადეებს და რამდენიმე დღეში ჩვენ ვნახეთ მაიდანიზაციის მცდელობა.
სწორედ ჩვენმა პოლიციელებმა დაიცვეს ქვეყანა „მაიდნისგან“ და ბნელ წარსულში დაბრუნებისგან დაიცვეს ქვეყანა. ამ პროცესში იყო რამდენიმე ინციდენტი უფლებამოსილების გადამეტების და რა თქმა უნდა, ეს სწორედ იმ პასუხისმგებლობის ნაწილია, როდესაც შენს ქვეყანას იცავ, რომ იყო ზედმიწევნით კანონის ჩარჩოში. გადაცდომებზე მიდიოდა გამოძიება, მოისმინეთ პროკურატურის მხრიდან, თუ რა მოცულობის სამუშაო ჩატარდა. რა მომენტშიც პროკურატურა იყო მყარად, რომ მისი მტკიცებულებები საკმარისია სასამართლოში წასასვლელად, იმ მომენტიდან ვნახეთ რეაგირება და პროკურატურამ განაცხადა, რომ სხვა ასეთ ფაქტებზე, რომელიც მაშინ საზოგადოებამაც იხილა, მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
