
შალვა პაპუაშვილი: იმ პირობებში, როდესაც ჩვენ უკრაინელი ლტოლვილები გავათანაბრეთ ქართველ დევნილებთან, ამის საპასუხოდ როდესაც უკრაინის მთავრობა საქართველოს თავს ესხმოდა, ეს იყო გასაკვირი და მიუღებელი
ვფიქრობ, ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჩვენებს ერთ რამეს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო - უკრაინის ურთიერთობებზე საუბრისას.
მისივე თქმით, თავად პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ახალა კი მას მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი.
„ვფიქრობ, რომ ეს თავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ და იმედი მიჩნდება, რომ ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ მოაქვს. ფსონის დადება იმ ძალებზე, რომელიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები, კარგ შედეგს არ მოუტანს.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ყველა იმ ქვეყანასთან თუ ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მიმართ სხვადასხვა სახის უსამართლო პოლიტიკით არის დაკავებული, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამ ურთიერთობებში ვართ მართლები. ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში იმედია, რომ ყველა გააცნობიერებს საკუთარი ნაბიჯის მცდარობას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ გადავიაზროთ ეს ურთიერთობები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 4 წელზე მეტია უკრაინის ხელისუფლება აწარმოებს პოლიტიკას, რომელიც არა თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, უკრაინელი ხალხის ინტერესსაც არ ემსახურება.
„4 წელზე მეტია უკრაინის ხელისუფლებისგან სამწუხაროდ, ვხედავთ პოლიტიკას, რომელიც არა თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, უკრაინელი ხალხის ინტერესსაც არ ემსახურება. 4 წელია ვხედავთ, რომ ეს ურთიერთობა სწორედ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით არის იმ წერტილზე მისული, სადაც არის. ჩვენ ამ ურთიერთობაში ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და უკრაინას. არ არსებობს რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ.
