
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციისთვის სანქციები გამკაცრდა
დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება - მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. მხოლოდ გასულ - 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 191 ადამიანი დაშავდა.
არსებული სანქციების გამკაცრება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კომპლექსურმა ანალიზმა, საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით გაიზარდა სანქციები ცალკეულ სამართალდარღვევებზე, კერძოდ:
• 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;
• 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;
• 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;
• 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;
• დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებსა, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;
