მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: აშშ-თან ექვსთვიანი ომის შემდეგ ირანი საკუთარ ძალებში უფრო თავდაჯერებული გახდა
The New York Times: აშშ-თან ექვსთვიანი ომის შემდეგ ირანი საკუთარ ძალებში უფრო თავდაჯერებული გახდა

The New York Times: აშშ-თან ექვსთვიანი ომის შემდეგ ირანი საკუთარ ძალებში უფრო თავდაჯერებული გახდა

იმედი|imedinews.ge

ბოლო კვირებში მომზადებული აშშ-ის სადაზვერვო ანგარიშების მიხედვით, ირანი უფრო თავდაჯერებული გახდა ახლო აღმოსავლეთში სამიზნეებზე თავდასხმის შესაძლებლობებში და, როგორც ჩანს, კონფლიქტის რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელებას აპირებს, რათა შეერთებულ შტატებს პრობლემები შეუქმნას. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბევრი თვალსაზრისით, ეს შეფასებები ემთხვევა იმას, რაც ბრძოლის ველზეა შექმნილი მას შემდეგ, რაც შედარებით მშვიდი პერიოდის შემდეგ საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა. გასულ კვირაში ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებსა და რეგიონში განთავსებულ ამერიკელ სამხედროებზე მიიტანა იერიში, აშშ-ის ძალებმა კი ირანის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელეს, რასაც სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა მოჰყვა.

ამ დროისთვის ახალი დაპირისპირება შეზღუდული მასშტაბისაა. თუმცა, სადაზვერვო ანგარიშები მიუთითებს, რომ ირანის მკაცრი კურსის მიმდევარი ხელისუფლება შესაძლოა კონფლიქტის მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის ემზადებოდეს, წერს The New York Times-ი.

დაზვერვის შესახებ ინფორმირებულმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რამდენიმეთვიანი, პერიოდულად განახლებული ომის შემდეგ ირანმა საკუთარი სამხედრო სიძლიერის შესახებ გაცილებით უკეთესი წარმოდგენა შეიქმნა და საკუთარ შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნდა.

მოქმედი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ანგარიშები მიუთითებს, რომ ომის სრულად დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა რთული იქნება. მათი თქმით, თითქმის არ არსებობს ნიშნები, რომ ირანი აშშ-თან რაიმე სახის შეთანხმებისთვის მზად არის. ზოგიერთი ოფიციალური პირის შეფასებით, თეირანი, როგორც ჩანს, კმაყოფილია იმით, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ პოლიტიკური პრობლემები შეუქმნას.

The New York Times-ის ცნობით, ამ დროისთვის ტრამპი მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და აცხადებს, რომ შეუძლია ირანზე ისეთი ეკონომიკური ზეწოლის განხორციელება, რომელიც თეირანს აიძულებს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს და, შესაძლოა, საბოლოოდ ბირთვულ პროგრამაზეც. თუმცა, ოფიციალური პირების შეფასებით, რომლებიც სადაზვერვო ინფორმაციას გაეცნენ, მოკლევადიან პერსპექტივაში აშშ-ის ეკონომიკური სანქციები, სავარაუდოდ, ესკალაციის პროვოცირებას გააგრძელებს.

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, უახლოეს კვირებში ირანმა შესაძლოა ივლისში განხორციელებული ქმედებების მსგავსი ნაბიჯები გადადგას. მაშინ ირანმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიიტანა იერიში, იორდანიაში სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა; თავდასხმა განხორციელდა ჰორმუზის სრუტეში გემებზეც, ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ქუვეითსა და სხვა ადგილებში.

აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე მიიჩნევენ, რომ ივლისის ბოლოს, დიდი ალბათობით, სწორედ ირანთან დაკავშირებული ჰაკერები იდგნენ შეერთებული შტატების მასშტაბით წყალმომარაგების სისტემაზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან.

მართალია, არ არსებობდა იმის ნიშნები, რომ რომელიმე სისტემა ისე დაზიანდა, რომ წყალი სასმელად უვარგისი გამხდარიყო, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში თავდასხმებმა შეფერხებები გამოიწვია, რის გამოც სისტემების ხელით მართვაზე გადასვლა და წყლის ადუღების შესახებ პრევენციული რეკომენდაციების გაცემა გახდა საჭირო, იუწყება გამოცემა.

ამჟამინდელი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ჰაკერებმა ასევე გამოიჩინეს ინტერესი ამერიკის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელების მიმართ, თუმცა მსგავს სისტემებში შეღწევა, როგორც წესი, უფრო რთულია. უცნობია, მოხერხდა თუ არა რომელიმე ენერგეტიკული სისტემის გატეხა.

ამჟამინდელი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ ირანთან დაკავშირებული ჰაკერები ბოლო თვეებში ხელახლა გაერთიანდნენ მას შემდეგ, რაც ომის დასაწყისში გარკვეული დანაკარგები განიცადეს.

ყოფილი სადაზვერვო მაღალჩინოსნებისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტების შეფასებით, სერიოზული შეფერხებების გარეშეც კი, კიბერთავდასხმები ირანისთვის კვლავ მიმზიდველ საშუალებად დარჩება, რათა აშშ-ში საზოგადოებრივი მხარდაჭერა შეარყიოს ომის მიმართ, რომელიც ისედაც არაპოპულარულია.

28 თებერვალს, როდესაც აშშ-ისა და ისრაელის ძალებმა ომი დაიწყეს, ტრამპი სწრაფ და გადამწყვეტ გამარჯვებას პროგნოზირებდა. თუმცა, დამანგრეველი თავდასხმების რამდენიმე ტალღის შემდეგ, პრეზიდენტის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ სულ უფრო ნათელი ხდება - ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის გამძლეობა სათანადოდ ვერ შეაფასა.

„ირანელები თავიანთ პოზიციაში საკმაოდ თავდაჯერებულად გრძნობენ თავს. მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგათ, მაგრამ ეს ყოველთვის გათვალისწინებული ჰქონდათ. მათ ესმით, რომ ზიანის მიღება შეუძლიათ და ახლა გაცილებით უფრო ხანგრძლივ თამაშს თამაშობენ“, - განაცხადა კოლორადოს შტატის „დემოკრატმა“ კონგრესმენმა ჯეისონ ქროუმ, რომელიც დაზვერვის კომიტეტის წევრია.

ქროუმ საიდუმლო სადაზვერვო შეფასებებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა განაცხადა, რომ ირანელები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე მიზეზის გამო ახლა უფრო ძლიერ პოზიციაში არიან. მისი თქმით, პირველ რიგში, ირანის ხელისუფლების ადრე დაქსაქსული ხელმძღვანელობა ახლა უფრო გაერთიანებულია, ხოლო შიდა ოპოზიცია ჩახშობილია. გარდა ამისა, ირანს კვლავ აქვს რაკეტებისა და დრონების მარაგი.

ირანის ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, ასევე უფრო ზუსტი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის განხორციელება. ომის დაწყებამდე ამ სრუტეზე მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადიოდა.

„მათ ყოველთვის იცოდნენ, რომ სრუტე მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო, მაგრამ ახლა უფრო მეტად აცნობიერებენ იმ გავლენას, რომელსაც ეს მათ აძლევს“, - განაცხადა ქროუმ.

სადაზვერვო ანგარიშების შესახებ ინფორმირებულმა სხვა პირებმა განაცხადეს, რომ ირანს, სავარაუდოდ, მიაჩნია, რომ აშშ-ის სამხედროებს ახალი მასშტაბური დარტყმების განხორციელება გაუჭირდებათ, რადგან ამერიკის შეიარაღების მარაგები მცირდება.

ამჟამინდელი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ასევე არსებობს ნიშნები, რომ ირანი კონფლიქტის გაჭიანურებას, სულ მცირე, შუალედურ არჩევნებამდე აპირებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • ტრამპი ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადებას განიხილავს - WSJBM.GE
  • აშშ ომის დასრულებამდე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის შემსუბუქებას გამორიცხავსფორმულა
  • შტატების სახაზინო დეპარტამენტში საგანგებო ბრიფინგისთვის ემზადებიან - ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ირანის წინააღმდეგ დაანონსებული ეკონომიკური ომის სტრატეგიას გაახმოვანებსრუსთავი 2
  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
ომის →საკუთარი →ირანის →

მსგავსი სტატიები

The New York Times: პენტაგონმა ინფორმაციის გაჟონვის საქმის გამოძიების ფარგლებში 50-მდე თანამშრომელი სიცრუის დეტექტორზე შეამოსწმა

The New York Times: პენტაგონმა ინფორმაციის გაჟონვის საქმის გამოძიების ფარგლებში 50-მდე თანამშრომელი სიცრუის დეტექტორზე შეამოსწმა

იმედი

დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე

დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე

იმედი

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

იმედი

ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა

ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა

იმედი