
The New York Times: ომის მსვლელობასთან ერთად ირანი უფრო დახვეწილ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა - მან აითვისა, თუ როგორ აარიდოს თავი ამერიკულ საჰაერო თავდაცვას, პარალელურად კი საბრძოლო მოქმედებების არეალი თითქმის მთელ ახლო აღმოსავლეთზე გააფართოვა
გასულ თვეს, ხუთი დაძაბული დღის განმავლობაში, ირანმა იორდანიაში მდებარე სამ ამერიკულ ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით იერიშები მიიტანა, იმ იმედით, რომ აშშ-ის მძლავრ საჰაერო თავდაცვას გაარღვევდა - თანამედროვე რაკეტების გამოყენებით, რომელთაც კურსის მკვეთრად შეცვლა შეუძლიათ, ირანმა ბაზების თავდაცვის სისტემები საგრძნობლად დააზიანა, რამაც ამერიკელები აიძულა, Patriot-ის რაკეტების მცირე მარაგები თითქმის სრულად ამოეწურათ, მეხუთე დღეს ირანელებმა საჰაერო თავდაცვა მაინც გაარღვიეს, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „როგორ მოარგო ირანმა თავისი თავდასხმები აშშ-ის საბრძოლო მასალის შემცირებას“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ირანის დარტყმებმა, რომლებსაც იორდანიაში სამი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად განვითარდა ირანის საბრძოლო უნარები იმ ფონზე, როდესაც პენტაგონს საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტი ექმნება.
17 ივლისს, ერთ-ერთ ბაზაზე განთავსებულ დროებით საცხოვრებელ კონსტრუქციებს რაკეტა მოხვდა, რასაც სამი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ იმ კვირას იორდანიაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად ათობით სხვა ჯარისკაციც დაშავდა და რამდენიმე საფრენი აპარატი დაზიანდა.
„ეს დარტყმები ორ მნიშვნელოვან ტენდენციას შორის არსებულ სახიფათო თანხვედრას ააშკარავებს: პირველი ის არის, რომ ომის მსვლელობასთან ერთად ირანი უფრო დახვეწილ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა - მან აითვისა, თუ როგორ აარიდოს თავი ამერიკულ საჰაერო თავდაცვას, პარალელურად კი საბრძოლო მოქმედებების არეალი თითქმის მთელ ახლო აღმოსავლეთზე გააფართოვა და პროცესში ისეთი მოკავშირეები ჩართო, როგორებიც არიან იემენელი „ჰუსიტები“ და ერაყული დაჯგუფებები. მეორე: პენტაგონს საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი სწრაფად შეუმცირდა, ეს შეიარაღება კი პერიოდულად განახლებადი კონფლიქტის ყოველ ახალ დღესთან ერთად სულ უფრო დეფიციტური და ძვირფასი ხდება. ეს ორი ტენდენცია ნათლად ადასტურებს იმ რეალობას, რომელიც ომის დაწყებიდან მოყოლებული იკვეთებოდა - უზარმაზარი სამხედრო ძალის მქონე გლობალური სუპერსახელმწიფოს შეჩერებაც კი შესაძლებელია ნაკლებად ძლიერი მოწინააღმდეგის მიერ, თუკი იგი ნებისმიერი უპირატესობის მოსაპოვებლად ასიმეტრიული ომის წარმოებაზე მიდის“, - ნათქვამია სტატიაში.
ომის განმავლობაში პენტაგონმა Patriot-ის 1 500-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა და ახლა მარაგში 1 700-ზე ნაკლები დარჩა - ამის შესახებ ორმა პირმა განაცხადა, რომლებიც შეიარაღების მარაგების შესახებ არიან ინფორმირებულნი და სენსიტიურ სამხედრო დეტალებზე კონფიდენციალურობის პირობით ისაუბრეს. 2025 წელს შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 600 ასეთი რაკეტა გამოუშვა.
მარაგების ასეთი სწრაფი ამოწურვის პარალელურად, ირანული ძალები სხვა ომის გამოცდილებას აანალიზებენ: უკრაინაში რუსეთი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების კომბინაციას უკრაინული საჰაერო თავდაცვის გადასატვირთად იყენებდა, რის შემდეგაც იერიშზე დრონები გაჰყავდა.
„როდესაც იერიში ერთდროულად სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით მიმდინარეობს, ირანელები საჰაერო თავდაცვის ამოცანას საგრძნობლად ართულებენ“, - განაცხადა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) თავდაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის პრეზიდენტმა, სეთ ჯონსმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge