
პიროვნება, რომელიც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მართავდა კონცერტებს და დღეს ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეა, ეს მინიმუმ დამაჯერებელი არ არის - გურამ მაჭარაშვილი ნიკოლოზ რაჭველზე
ირაკლი კირცხალიას განცხადებას ნიკოლოზ რაჭველი გამოეხმაურა. წერილში უმრავლესობის ლიდერმა აგვისტოს ომის შემდეგ კულტურის სფეროს ცალკეული წარმომადგენლების რუსეთში გამართული კონცერტები გაიხსენა, რასაც რაჭველი პოსტით პასუხობს.
მან სოციალურ ქსელში სტატუსი უკრაინიდან დაწერა და "ქართული ოცნება" გააკრიტიკა. პასუხად საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებიდან, ნიკოლოზ რაჭველი ერთადერთია, რომელმაც გადაწყვიტა კვლავ დაემტკიცებინა, რომ ის რუსებს ებრძვის, თუმცა არ გაუცია კითხვებზე პასუხი და არაფერი უთქვამს არქივზე, თუ რატომ მართავდა დამოუკიდებლად და ნინო ქათამაძესთან ერთადაც კონცერტებს აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში.
"ხალხის ძალაში" დღეს ნიკოლოზ რაჭველის მხრიდან "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი სხვა განცხადებებიც გაიხსენეს.
"პიროვნება, რომელიც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მართავდა კონცერტებს და დღეს ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეა, რა თქმა უნდა, ეს მინიმუმ არ არის დამაჯერებელი.
არაფერ შუაში არ არის აქ არც ხელოვნება, არც მომღერლობა. ეს არის ზუსტად და დამახასიათებელი ადამიანების, ვინც პირფერობენ, ვინც მიჰყვებიან უცხოური ძალის ფულს და მათი აქ ნაცაგენტურის ფულს. აბა ნიკოლოზ რაჭველს არავინ შეეკითხება ახლა პოლიტიკა როგორი უნდა იყოს რუსეთთან. ის მიჰყვება იმ კვალს, რა კვალიც ექნება აგენტურას, ნაცაგენტურას ამ შემთხვევაში, რასაც ეტყვიან უცხოეთიდან. ეტყვიან ახლა უმღერეთ, უმღერებენ. ეტყვიან, რომ აღარ უმღეროთ და აგინეთ, აგინებენ.
ეს არის სწორედ ამაზრზენი, ამაზეა საუბარი, რომ შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ომის შემდგომ შეგიძლიათ ოკუპანტ ქვეყანას უმღერო და სხვა ქვეყანაში რომ შეიჭრება, მაშინ გახდება თურმე ტერორისტული სახელმწიფო. ეს არის ზუსტად ის ორმაგი სტანდარტი, რაც არც არავის და მით უმეტეს ხელოვანს, რა თქმა უნდა, არ ეკადრება,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge