
The New York Times: უკრაინისთვის გადაცემული ძვირად ღირებული ტანკები დრონების საფრთხის გამო უსაქმოდ დგას
The New York Times-ის ინფორმაციით, ოდესღაც უკრაინისთვის ყველაზე სასურველი დასავლური შეიარაღება, ტანკები უსაქმოდ დგას, ტყეებშია დამალული და ობობას ქსელით იფარება.
როგორც გამოცემა წერს, 10 მილიონი დოლარის ღირებულების აღნიშნული მანქანები, რომელთა მიღებასაც დიდი ხმაურით აღნიშნავდნენ, იაფფასიან დრონებთან უძლური აღმოჩნდა. დრონებმა კი დღეს ბრძოლის ველზე დომინანტური როლი მოიპოვეს.
მიუხედავად ამისა, უკრაინა ტანკებს კვლავ ინარჩუნებს, სამხედროებს მათ გამოყენებას ასწავლის და ამ ტექნიკის ბრძოლის ველზე გამოყენების ახალი გზების ძიებას ცდილობს, აღნიშნულია სტატიაში.
„ჯავშანტექნიკას ფაქტობრივად აღარ ვიყენებთ. ეს აჩენს კითხვას: როგორ გავანეიტრალოთ დრონების უპირატესობა და ჯავშანტექნიკას ახალი სიცოცხლე მივცეთ?“, - განაცხადა ცოტა ხნის წინ ოლექსანდრ სირსკიმ, რომელიც გასულ თვემდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო.
სწორედ ეს საკითხი აღმოჩნდა ომის სტრატეგიასთან დაკავშირებული დაპირისპირების მთავარი ფაქტორი, რის შედეგადაც გენერალი სირსკი გასულ თვეს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თუმცა, უკრაინის ზოგიერთი საუკეთესო სატანკო დანაყოფი პასუხს აღარ ელოდება, წერს გამოცემა.
33-ე ბრიგადის ახალგაზრდა მეთაურის, მეტსახელად მორფეუსის თქმით, სატანკო ეკიპაჟები უქმად არ უნდა იყვნენ.
„ამიტომაც ვეუბნები ჩემს ბატალიონს, რომ რაღაც ახალი უნდა ვისწავლოთ“, - ამბობს იგი.
The New York Times-ი მკითხველს შეახსენებს, რომ უკრაინამ დასავლური წარმოების ტანკების მოთხოვნა რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან დაიწყო. იმ პერიოდში ტანკები ომისთვის აუცილებელ შეიარაღებად მიიჩნეოდა.
კიევის მოკავშირეები მათ გაგზავნას დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა 2023 წლის იანვარში, რთული მოლაპარაკებებისა და საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ, ბრიტანეთმა, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა პოზიცია შეცვალეს.
33-ე ბრიგადა ნაწილობრივ სწორედ დასავლური ტანკების მისაღებად შეიქმნა. თუმცა, როდესაც ისინი იმავე წლის გაზაფხულის ბოლოს ბრძოლაში ჩაერთნენ, იაფფასიანი დრონები უკვე მასობრივად იწვევდნენ მსხვერპლს და ტანკებზე ყველაზე მოწყვლად ადგილებში დარტყმას ახერხებდნენ.
რუსულმა ძალებმა ტანკების დასაფარად ანტიდრონული ბადეებისა და მეტალის კონსტრუქციების გამოყენება დაიწყეს.
„მაშინ ხალხი დასცინოდა მათ და ამბობდა, რომ ტანკებზე მწვადის შესაწვავ გისოსებს ამონტაჟებდნენ“, — იხსენებს 33-ე ბრიგადის ტანკების ტექნიკური მომსახურების ხელმძღვანელი, რომლის მეტსახელია ენერგეტიკი. „მაგრამ ისინი სწორი მიმართულებით მიდიოდნენ.“
უკრაინამაც იგივე გზა აირჩია და ტანკებზე დამცავი კონსტრუქციებისა და რეაქტიული ჯავშნის დაყენება დაიწყო. რეაქტიული ჯავშანი გარე პანელებისგან შედგება, რომლებიც დარტყმისას ფეთქდება და მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის ზემოქმედებას ამცირებს.
თუმცა, მალევე ორივე მხარემ შეტევითი ოპერაციების დროს მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყენება პრაქტიკულად შეწყვიტა.
იმედი
წყარო: imedinews.ge