
The Washington Post: ირანის საფრთხის გამო ტრამპმა თურქეთი ფარულად დატოვა
ირანის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მუქარა გასულ თვეში უპრეცედენტო ოპერაციის მიზეზი აღმოჩნდა - თურქეთიდან ტრამპი ფარულად გაფრინდა სხვა სამხედრო თვითმფრინავით, მაშინ როდესაც თეთრი სახლი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი Air Force One-ით მგზავრობდა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
ფარული ოპერაციის შესახებ, რომელიც მანამდე არ გახმაურებულა, არც ჟურნალისტებმა და არც თეთრი სახლის თანამშრომელმა იცოდნენ. მათ ეგონათ, რომ პრეზიდენტთან ერთად იმავე თვითმფრინავში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ The Washington Post-ის მიერ მოპოვებული მასალები, ოპერაციის შესახებ ინფორმირებული ამერიკელი მაღალჩინოსანი და პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მქონე კიდევ ერთი პირი იუწყებიან.
ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტმა თურქეთი 8 ივლისს Air Force One-ის ძველი თვითმფრინავით დატოვა. ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ თურქეთიდან გამოსაფრენად გამოიყენებდა „ყოფილ Air Force One-ს“ და არა იმ თვითმფრინავს, რომლითაც თურქეთში ჩავიდა - ახალ Boeing 747-8, რომელიც კატარმა აშშ-ს საჩუქრად გადასცა.
კატარის მიერ გადაცემული თვითმფრინავის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თავად ტრამპმა გასულ თვეში, თურქეთში ვიზიტის შემდეგ, განაცხადა, რომ თვითმფრინავი დამატებით მოდერნიზაციას გაივლიდა.
ანკარაში ტრამპი ძველ Air Force One-ის ბორტზე სატელევიზიო კამერების წინ ავიდა. თუმცა, აშშ-ის მაღალჩინოსნისა და The Washington Post-ის მიერ მოპოვებული სხვა მასალების თანახმად, რამდენიმე წუთის შემდეგ ის საიდუმლოდ გადაიყვანეს უფრო პატარა თვითმფრინავში - აშშ-ის სამხედრო C-32A ტიპის ლაინერში. ამისთვის აეროპორტის კვების სერვისის სატვირთო მანქანა გამოიყენეს, რომელიც, როგორც წესი, ფრენამდე თვითმფრინავში საკვებისა და სხვა მარაგების ჩასატვირთად გამოიყენება.
ამგვარად, Air Force One „მატყუარა სამიზნედ“ იქცა - მის ბორტზე ჟურნალისტები და თეთრი სახლის ზოგიერთი თანამშრომელი იმყოფებოდნენ, განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ტრამპი ანკარაში ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებისთვის იმყოფებოდა. ფარული ოპერაცია განხორციელდა იმ ღამეს, როდესაც აშშ-ის ძალებმა, ტრამპის ბრძანებით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმები განაახლეს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის რამდენიმეთვიანი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ამ მანევრის შედეგად ტრამპის რეალური ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში დამალული იყო ამერიკელი საზოგადოებისა და აშშ-ის მაღალი რანგის არაერთი ოფიციალური პირისგან. რამდენიმე კვირის შემდეგაც უცნობია, ადმინისტრაციამ რამდენ ადამიანს გაუმხილა ამ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია, წერს გამოცემა.
The Washington Post-მა თეთრ სახლს საკუთარი გამოძიების შედეგად მოპოვებული დეტალები და კითხვების სია გაუგზავნა. პასუხად თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა კატარის მიერ გადაცემული თვითმფრინავი დაიცვა.
„ახალი Air Force One წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ თვითმფრინავს, რომელზეც უსაფრთხოების უმაღლესი დონის პროტოკოლებია დანერგილი, რაც პრეზიდენტისა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, ამერიკას ბევრი მტერი ჰყავს, რომლებიც მის წინააღმდეგ მოქმედებენ და ჩვენ ამ საფრთხეების გასამკლავებლად ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ“, - განაცხადა ჩუნგმა.
საჯაროდ თეთრი სახლი კვლავ იმეორებს ვერსიას, რომ პრეზიდენტმა თურქეთი ძველი, ლურჯ-თეთრი Boeing 747-ით დატოვა. ეს სწორედ ის თვითმფრინავია, რომელიც Air Force One-ის ფუნქციას ასრულებდა მანამ, სანამ ტრამპი კატარის მიერ გადაცემული ყოფილი თვითმფრინავის გამოყენებას დაიწყებდა.
ათწლეულების განმავლობაში იშვიათი იყო შემთხვევები, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტები თეთრი სახლის პრესის კორპუსის წარმომადგენლების თანხლების გარეშე გადაადგილდებოდნენ. ჟურნალისტები არაერთ პრეზიდენტს, მათ შორის ტრამპს, ჯო ბაიდენს, ბარაკ ობამასა და ჯორჯ ბუშს საომარ ზონებშიც კი ახლდნენ, წერს გამოცემა.
როგორც გამოცემა იუწყება, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, პირველ საათებში, ბუშის ადმინისტრაციას პრეზიდენტის ადგილსამყოფელი დაუყოვნებლივ არ გაუმხელია და მხოლოდ განაცხადა, რომ ის „გაურკვეველ ადგილას“ გადაიყვანეს. თუმცა, ადმინისტრაციას არ უთქვამს, რომ პრეზიდენტი ისეთ ადგილას იმყოფებოდა, სადაც რეალურად არ იყო. რამდენიმე საათში ოფიციალურმა პირებმა გაამჟღავნეს, რომ ბუში ნებრასკაში, სამხედრო ობიექტზე გადაიყვანეს.
ტრამპის შემთხვევაში ოპერაცია სრულიად განსხვავებულად განვითარდა, რაც მიუთითებს, თუ რამდენად სერიოზულად აფასებდნენ აშშ-ის უსაფრთხოების უწყებები პრეზიდენტის უსაფრთხოებას თურქეთიდან გამგზავრებისას, ირანთან მიმდინარე დაპირისპირების ფონზე. თურქეთი, რომელიც აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე და ნატოს წევრია, ირანს ესაზღვრება.
იმედი
წყარო: imedinews.ge