
თორნიკე ჭეიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მარტა კოსმა აბსურდული განცხადებების საკუთარ დეპოზიტს კიდევ ერთი დაამატა. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რასაც ჰქვია პირდაპირი ინტერვენცია, ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში
შეიძლება ითქვას, რომ მარტა კოსმა აბსურდული განცხადებების საკუთარ დეპოზიტს კიდევ ერთი დაამატა, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.
მისი თქმით, თავისი არსით მარტა კოსის განცხადება სკანდალურია.
„პირდაპირი, ერთგვარი დირექტივა გვესმის ჩვენ ქალბატონი კოსისგან იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან უნდა განავითარონ თავისი სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა იმ სახელმწიფოებმა, რომლებსაც სურთ ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს, რა თქმა უნდა, თავისი არსით არის სკანდალური განცხადებაც იმიტომ, რომ ფაქტობრივად, როდესაც მსჯელობს „მაგასთან“ დაკავშირებით და ეს არის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის ერთგვარი საყრდენი ორგანიზაციაც, სლოგანიც და იდეოლოგია-ფილოსოფია, რომელსაც დაეფუძნა პრეზიდენტ ტრამპის მეორე ვადით არჩევა და ახლა სწორედ ამ იდეოლოგიის საპირისპიროდ, ამ ორგანიზაციის საპირისპიროდ მარტა კოსი ამბობს იმას, რომ არავითარი კავშირი ამ იდეოლოგიასთან არ უნდა დამყარებული თუ გაღრმავებული.
რას ნიშნავს ეს ფილოსოფია და რაზეა „მაგა“ კონსტრუქცირებული? ეს არის ფილოსოფია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უპირველესად სახელმწიფოები უნდა სცემდნენ ერთმანეთის სუვერენიტეტს პატივს. ეს არის სამშვიდობო მიდგომა და სამშვიდობო პოლიტიკის ადვოკატირება. მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით მათ აქვთ კონკრეტული ხედვა. ეს არის ის მიდგომა, ის ფილოსოფია, რომელიც ერების თვითმყოფადობას, მათ კულტურას, ტრადიციას და ა.შ. საკუთარ მნიშვნელოვან ადგილს მიაკუთვნებს. ამ ყველაფრის საპირისპიროდ გვესმის, რომ თურმე ფაქტობრივად შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტ ტრამპთან არავითარი ურთიერთობები არ უნდა დაამყარონ. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რასაც ჰქვია პირდაპირი ინტერვენცია, ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, ევრობიუროკრატების ინტერესებში არ შედის ის იდეოლოგია, რომელიც „მაგას“ აქვს. თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატია ვერ თავისუფლდება თავისი მცდარი თვალსაზრისისგან, რომელიც მასვე აზიანებს.
როგორც ცნობილია, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ევროკავშირში გაწევრიანდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge