
უკრაინელებმა ნოვოროსიისკი და ოკუპირებული ყირიმი დაბომბეს
უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით რუსეთის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს დრონებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ნოვოროსიისკის მცხოვრებლების განცხადებით, მათ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგონეს. როგორც ისინი ამბობენ, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები დრონების შეტევის მოგერიებას ცდილობდნენ.
რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ნოვოროსიისკში დრონების ნამსხვრევები ექვს საცხოვრებელ კორპუსს, კომერციულ შენობასა და სამშენებლო ობიექტს დაეცა, რის შედეგადაც არიან დაშავებულები. მათი რაოდენობა და დაზიანებების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.
ნოვოროსიისკი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე რუსეთის მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია და იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზაა განთავსებული. უკრაინის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის სამხედრო ხომალდებსა და საზღვაო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული არაერთი იერიშის შემდეგ, რუსეთმა ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი ნოვოროსიისკში გადაიყვანა, წერს მედია.
აფეთქებების ხმა ღამით ისმოდა ოკუპირებულ ყირიმშიც. ქალაქ სევასტოპოლის მახლობლად, ბალაკლავის თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინელმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდსაც შეუტიეს, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს.
უკრაინის ხელისუფლებას გავრცელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
იმედი
წყარო: imedinews.ge