
ზაზა შათირიშვილი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე: აშკარაა, რატომ კეთდება ამხელა აქცენტი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე - იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხი არ გაიზარდოს, რამეთუ დაქცეული ქვეყნის მართვა უფრო მარტივია
ჯო უილსონი კომიკური ფიგურაა, ამას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობაც კარგად ხვდება, თუმცა არაფერია სასაცილო იმაში, რომ კონგრესში ჯო უილსონის გამოსვლა და ოპოზიციური ალიანსის, უფრო სწორად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ბრიფინგის შინაარსი და ქვეტექსტი ლამის ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთს, - ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი წერს.
მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან გავიგეთ, რომ უილსონის კანონპროექტის მიზანია საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანისა და ჩინეთის „მავნე გავლენებისგან“ დაცვა, თუმცა, სინამდვილეში, ოპოზიციისა და უილსონის პატრონებისთვის მთავარია, რომ საქართველოში კეთილდღეობის ხარისხი არ გაიზარდოს, რადგან „დაქცეული ქვეყნის მართვა უფრო მარტივია“.
„როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თქმა უნდა, ჩინეთის „მავნე გავლენებისგან“ დაცვა ყოფილა. შესაძლოა რიგითმა ჯო უილსონმა არ იცოდეს, რომ საქართველოში ირანის პოლიტიკურ, გნებავთ - ეკონომიკურ გავლენაზე საუბარი სასაცილოა და ამაზე კონკრეტული ფაქტები და რიცხვებიც მოწმობს; რუსეთთან ურთიერთობაზე რა უნდა ვთქვათ - შესაძლოა რიგით უილსონებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებაც არ სმენიათ, მაგრამ ცხადია, ირანი და რუსეთი მხოლოდ შლეიფად გაჰყვება მთავარ საკითხს - საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, უმაღლეს დონეზე გახშირებულ კონტაქტებს და იმ ბენეფიტებს, რასაც საქართველო ამ პარტნიორობიდან იღებს. შესაბამისად, როდესაც ჯო, გიგი, გიგა და ზურა სხვადასხვა სიტყვით - ერთსა და იმავეზე საუბრობენ და იდენტურ აქცენტებს სვამენ, აშკარაა, რომ ეს პროცესი მათი პატრონების მხრიდანაა კოორდინირებული. აშკარაა ისიც, თუ რატომ კეთდება ამხელა აქცენტი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე - არა იმიტომ, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობით ამერიკასთან ჩინეთის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხი არ გაიზარდოს, რამეთუ დაქცეული ქვეყნის მართვა უფრო მარტივია,“ - წერს შათირიშვილი.
