
ზუგდიდის მერი დავით კოდუა ანაკლიის ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს 40 ზუგდიდელი ახალგაზრდა შეუერთდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათი იდეები მოისმინა. მერმა ახალგაზრდებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალგაზრდულ ბანაკებთან დაკავშირებით ზუგდიდის მერია არაერთ მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული. ზუგდიდელი ახალგაზრდები ბორჯომის სკაუტთა ბანაკში იმყოფებოდნენ, ახალგაზრდებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ორგანიზებულ ტექნოლოგიურ ბანაკში ჩაერთონ.
დავით კოდუას განცხადებით, ახალგაზრდულ სფეროში მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
„ახალგაზრდების მხარდაჭერა ჩვენი გუნდისთვის უმთავრესია! მათი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მომავალი თაობის ხელშეწყობა არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის, როგორც ცენტრში, ასევე ადგილობრივ დონეზე, რასაც არაერთი პროექტითა და პროგრამით ვამტკიცებთ, რისი ნათელი მაგალითიც პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც 3000 სტუდენტისთვისაა გათვალისწინებული“, - აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა.
წელს ანაკლიის ბანაკი 2 640 ახალგაზრდას, მათ შორის 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს უმასპინძლებს. ბანაკი მიზნად ისახავს ახალგაზრდების არაფორმალური განათლების, სოციალური ინტეგრაციის, ლიდერული, სპორტული და კულტურული უნარების განვითარებას. პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge