ლევან მაჭავარიანი: პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას, საქართველოში ვინც საღად აზროვნებს, არავის აინტერესებს ევროპარლამენტარების რეზოლუციები
„საქართველოში არავის, ვინც საღად აზროვნებს, ევროპარლამენტარების კომენტარები და რეზოლუციები უკვე არ აინტერესებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ძალიან სასაცილო დოკუმენტია უკვე ეს რეზოლუცია“.
„თვლაშიც ავირიე, მერამდენე რეზოლუცია მიიღეს. ისეთ დონეზე არიან დასულები და ისეთ სიყალბეს სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, თითქოს სინამდვილეა. თვითონ ანადგურებენ რეპუტაციას, რომელიც ისედაც ძალიან დაზიანებული აქვთ ჩვენი მოქალაქეების თვალში.
პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტიკური პატიმარია, როდესაც თვეებით ადრე იმუქრებოდა და ავანგარდში ედგა დამხობის აქციას, როდესაც მისმა თანამებრძოლმა, ასევე ორგანიზატორმა ზოდელავამ პირდაპირ აღიარა თავისი ბრალი.
მან თქვა, რომ ეს იყო დანაშაული, როდესაც ნახევარზე მეტმა, ვინც დაკავებული არიან ამ საქმეზე, ითანამშრომლეს, მოინანიეს, აღიარეს, რომ დამნაშავეები არიან. ამ ყველაფრის ფონზე ისევ პაატა ბურჭულაძეს წერენ პოლიტიკურ დევნილად, მიხეილ სააკაშვილს წერენ პოლიტიკურ პატიმრად, თავი სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაიგდეს.
ადამიანთა დაჯგუფება, რომლებმაც რუკაზე არ იციან, სად მდებარეობს ირანი, გვიწერს ასეთ აბსურდებს. პულსზე ხელი არ უდევთ და ბოლომდე ანადგურებენ თავიანთ რეპუტაციას. საქართველოში არავის, ვინც საღად აზროვნებს, ევროპარლამენტარების კომენტარები და რეზოლუციები უკვე არ აინტერესებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
