რატი იონათამიშვილი: უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღიარებს, რომ USAID გამოიყენებოდა არა დემოკრატიების გასავრცელებლად სხვადასხვა ქვეყანაში, არამედ, პირიქით, ეროვნული დემოკრატიების დასამხობად
უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღიარებს, რომ USAID გამოიყენებოდა არა დემოკრატიების გასავრცელებლად სხვადასხვა ქვეყანაში, არამედ, პირიქით, ეროვნული დემოკრატიების დასამხობად. ამ ყველაფერს უკვე ამერიკის უმაღლესი წარმომადგენლები აღიარებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის მიერ გასაჯაროებულ USAID-ის შიდა დოკუმენტებზე, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
„ვფიქრობ, ბოდიში აქვს მოსახდელი საქართველოში ყველა იმ შიდა და გარე აქტორს, რომელიც ცდილობდა, საქართველოში გამოეთხარა ძირი დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი პროცესებისთვის. ვხედავთ იმასაც, რომ ეს აგენტურული ჯგუფები მხოლოდ ასეთ შავბნელ ფინანსებზე იყვნენ დამოკიდებული, რადგან ერთი ხელით ცდილობდნენ საქართველოს განადგურებას, ხოლო მეორე ხელით საკუთარი ჯიბეების გასქელებას. აი, ეს არის ამ აგენტურული ჯგუფების ამორალური სახე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
