პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ შეხვედრა გამართეს ა(ა)იპ „კამერტონის“ წარმომადგენლებთან, რომელიც ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაკვეთით ახორციელებს პროექტს - „თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგი“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან და ორგანიზაციასთან, რომელთა საქმიანობა უკავშირდება თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებას, მის შესრულებაზე ზედამხედველობას და/ან აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას. პარლამენტში გამართული შეხვედრის მიზანი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების, შესაძლო დარღვევების, დარღვევებზე რეაგირების მექანიზმებისა და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების უფლებამოსილებების შესახებ ინფორმაციის გაცნობაა. როგორც აღინიშნა, მონიტორინგი საქართველოს 26 ქალაქში განხორციელდა. შეხვედრისას მიღწეულ პროგრესზე, გამოვლენილ დარღვევებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) გადაეცემა, რომელიც ამ რეკომენდაციებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს წარუდგენს ნორმატიულ აქტში ცვლილებების გათვალისწინებისთვის. შეხვედრისას სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. „თამბაქოს მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახთან ერთად ამ საკითხში ჩართულები უნდა იყვნენ სკოლა, პირველადი ჯანდაცვისა და სკოლის ექიმები, ყველა საინფორმაციო სამსახური, რომელსაც სოციალური რეკლამის სახით უნდა ჰქონდეს გამოყოფილი დრო თამბაქოს მავნებლობაზე. მთავარი გამოწვევა თანამედროვე, ახალი შენიღბული მოსაწევი საშუალებებია, რომლებიც უდიდეს საფრთხეს უქმნიან ახალგაზრდებს. ჩვენი მიზანია, ავამაღლოთ ახალგაზრდების ცნობიერება, რათა მათ იცოდნენ, რამდენად მავნებელია თამბაქოს მოხმარება“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.
