სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა წითელი ხიდის სექტორ „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთზე აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება „თებაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
