ტიერი მარიანი - პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კონსტიტუციური წყობილების დამხობა სცადეს, ქართულმა მართლმსაჯულებამ ისევე იმოქმედა, როგორც ამერიკულმა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, მაშინ ევროკავშირს საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს
2025 წლის ოქტომბერში პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ და ხალხს პრეზიდენტის სასახლის შენობაში შეჭრისკენ მოუწოდეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე განაცხადა.
ტიერი მარიანიმ დასძინა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ისევე იმოქმედა, როგორც აშშ-მ კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, მაშინ ევროკავშირს საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს
„2025 წლის ოქტომბერში პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი დემოკრატიულად არის არჩეული. ამის შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ და ხალხს პრეზიდენტის სასახლის შენობაში შეჭრისკენ მოუწოდეს. მათ ამბოხისკენ მოწოდებებით კონსტიტუციური წყობილების დამხობა სცადეს, რის შედეგადაც, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ბევრი თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. დამოუკიდებელმა და სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ ეს განსაჯა, როგორც ერის ფუნდამენტურ ინტერესებზე თავდასხმა. ისევე როგორც ეს ამერიკულმა მართლმსაჯულებამ კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ გააკეთა, როდესაც ასობით ადამიანი მკაცრად გაასამართლეს. მაშინ ევროკავშირს ამის საწინააღმდეგოდ არაფერი უთქვამს“, - განაცხადა ტიერი მარიანიმ.
