"გაზპრომმა" თურქეთში გაზის მიწოდების კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა
რუსულმა კონცერნმა "გაზპრომმა" და თურქულმა კომპანია BOTAŞ-მა რუსული გაზის შესყიდვის კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივეს, მიწოდების წინა პირობებისა და მოცულობების შენარჩუნებით. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა სტამბოლში, თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი შერეული კომისიის მე-20 სხდომის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ნოვაკის თქმით, კონტრაქტში შენარჩუნებულია მიწოდების ძველი პირობები და მოცულობები. გარდა ამისა, როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კომპანია "ნოვატეკმა" ხელი მოაწერა კონტრაქტს 2027 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების შესახებ. "იქ ჯერჯერობით მცირე მოცულობებია, თუმცა გაფართოების პერსპექტივით", — ციტირებს ალექსანდრ ნოვაკს სააგენტო "ანადოლუ".
ნოვაკის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა თურქეთს 20 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი მიაწოდა, ძირითადად დიზელის საწვავი.
The New York Times-ის მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს იდეას, რომ ევროპამ განაახლოს რუსული გაზის შესყიდვა. ამ იდეას ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე უწევდნენ პოპულარიზაციას, — წერდა გამოცემა ოქტომბერში.
თუმცა, პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ ევროკავშირის დელეგაცია მსგავს პერსპექტივას სკეპტიკურად შეხვდა. კერძოდ, მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა გიუნტერ ზაუტერი — გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში.
