საჭირო გაფრთხილებებები მისცეს [საქართველოს] ელჩს - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმის ინცინდენტზე
მოკლედ
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი კვლავ საუბრობს ბათუმში ფეხბურთის თურქი გულშემატკვირების მონაწილეობით მომხდარ დაპირისპირებაზე და ამბობს, რომ თურქეთს არ შეუძლია "შეეგუოს მათი ფეხბურთის მაყურებლების მიმართ ამგვარ მოპყრობას."ფიდანმა განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული მხარეს არაერთ ფორმატში ესაუბრენ მომხდარზე, 28 ნოემბერს პაკისტანში გააკეთა, სადაც თავდაცვის ალიანსის შეხვედრას ესწრება.თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართულ მატჩზე დაპირისპირება 26 ნოემბერს მოხდა.
უეფა, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ თამაშის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მისი მოვალეობა არ იყო, მომხდარს ასე აღწერს: პოლიცია ტრიბუნაზე „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის შეტაკების შესაჩერებლად შევიდა, რასაც მოყვა დაძაბულობა პოლიციელებსა და გულშემატკივრებს შორის და დროებით თამაშის შეწყვეტა.
"თვითმფრინავში ვიჯექი, როდესაც ეს სამწუხარო და მიუღებელი მოვლენები მოხდა. ახალი დატოვებული გქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა და პაკისტანში მოვდიოდი თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ერთად. ეს ინცინდეტები მატჩის დროს მოხდა. მე დაუყოვნებლად დავურეკე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პირდაპირ კავშირზე ვიყავით ჩვენს ელჩთან და გენერალურ კონსულთან" - ამბობს თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და განმარტავს, რომ მათი მიზანი იყო რომ "არცერთი [თურქეთის] მოქალაქე არ ყოფილიყო დაკავებული, დაშავებული ან საჭირო დახმარების მიღების შესაძლებლობას მოკლებული."
საგარეო უწყებების ხელმძღვანელების გარდა, ბათუმში საფეხბურთო ხმაურის ფონზე თურქეთიდან ზარებს პასუხობდნენ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებიც. ქართული მხარე ამ საუბრებზე პროაქტიულად არ საუბრობს და მხოლოდ ფრაგმენტულ ინფორმაციას ასაჯაროებს მეზობელ ქვეყანასთან კომუნიკაციის შესახებ.
"დღეს ჩვენმა კოლეგებმა გამოიძახეს საქართველოს ელჩი ანკარაში, გამართეს დისკუსიები და საჭირო გაფრთხილებებიც გასცეს. ჩვენთვის ეს უკიდურესად მიუღებელია. ეს არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონეს. ჩვენ არ შგვიძლია შევეგუოთ ჩვენს მაყურებელთან ასე მოპყრობას. ვფიქრობ მათ გაიგეს ჩვენი გზავნილები ამ საკითხთან დაკავშირებით" - უთხრა მედიას ჰაქან ფიდანმა.
27 ნოემბერს, ქართული ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქართულმა მხარემ თურქეთს „უნიკალური შესაძლებლობა“ შესთავაზა, ისრაელური კლუბთან მატჩი სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ და ეს „მეგობრული ჟესტი“ იყო. ფეხბურთის ფანების მხრიდან მოვლენების ესკალაციას კობახიძემ "გულდასაწყვეტი" უწოდა.
რა მოხდა ბათუმში - მოკლედ
26 ნოემბერს "ბათუმი არენაზე", საფეხბურთო კლუბების - თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ - მატჩი ტრიბუნებზე დაწყებული დაპირისპირების გამო დროებით შეწყდა.პოლიციამ სტადიონზე თურქული კლუბის გულშემატკივრების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.შსს-ს ინფორმაციით, სამი პოლიციელი დაშავდა, ადმინისტრაციული წესით კი 16 ადამიანი დააკავეს.მეორე დღესვე ყველა მათგანი გაათავისუფლეს. შსს-ს გამოძიება არ დაუწყია.თურქულმა მხარემ ქართველი სამართალდამცველები „არაპროპორციული ძალის“ გამოყენებაში დაადანაშაულა.
![საჭირო გაფრთხილებებები მისცეს [საქართველოს] ელჩს - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმის ინცინდენტზე](/_next/image?url=https%3A%2F%2Fgdb.rferl.org%2F240e670e-14f2-40bd-18d4-08df407f9918_w1200_h630.png&w=3840&q=75)