ბათუმის საფეხბურთო მატჩზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთმა საქართველოს ელჩი დაიბარა
გავრცელებული ინფორმაციით, ანკარამ საქართველოს ელჩი დაიბარა. ამის მიზეზი „არაპროპორციული ძალის“ გამოყენების შესახებ გაჩენილი ბრალდებებია. პარალელურად, საქართველოს ოფიციალური პირები პოლიციის ქმედებებს იცავენ და მომხდარში გულშემატკივრებს ადანაშაულებენ. 26 ნოემბერს, ბათუმში, ქართულ პოლიციასა და თურქ საფეხბურთო გულშემატკივრებს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ურთიერთგამომრიცხავი რეაქციები გამოიწვია.
ინციდენტი ბათუმის სტადიონზე, თურქულ კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროს მოხდა. „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და ქართველ სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების გამო, თამაში დროებით შეჩერდა. ინციდენტის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია წიწაკის სპრეის იყენებს, ხოლო გულშემატკივრები სამართალდამცველებს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის სტადიონის დამტვრეული სკამების ნაწილებს ესვრიან. მოგვიანებით მატჩი განახლდა და „ბეშიქთაშის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მომხდარის გამო თურქეთის ოფიციალურმა პირებმა და საფეხბურთო კლუბებმა ქართული პოლიციის ჩარევა „არაპროპორციულად“ შეაფასეს. მათი თქმით, ეს ქმედება უკავშირდებოდა თურქი გულშემატკივრების მიერ პალესტინის დროშებისა და პალესტინის მხარდამჭერი ბანერების გამოფენას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა თავიანთ ქართველ კოლეგებთან სატელეფონო საუბრები გამართეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად განაცხადა, რომ დაკავებულია 16 პირი, მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ ინციდენტის შედეგად ოთხი პოლიციელი დაშავდა. უწყებამ უარყო თურქული მხარის ვერსია, თითქოს პოლიციის ჩარევა პალესტინის დროშებისა და ბანერების გამოფენამ გამოიწვია. სამინისტროს განმარტებით, გულშემატკივრები აგრესიულად მატჩის დაწყებამდეც იქცეოდნენ. მოგვიანებით, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ „ადმინისტრაციული“ წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი შეუწყო თურქი გულშემატკივრების სამშობლოში დაბრუნებას.
ინციდენტმა სოციალურ ქსელებში მწვავე დისკუსიები გამოიწვია. თურქი მომხმარებლები პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდნენ, ხოლო ქართველი მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა მასპინძელი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს. მათ თურქი გულშემატკივრები იმ ბანერის გამოფენაში დაადანაშაულეს, რომელზეც, სავარაუდოდ, ბათუმთან დაკავშირებული ტერიტორიული პრეტენზიები იყო გამოსახული.
უეფამ განაცხადა, რომ მათთვის ცნობილია, რომ დაპირისპირება პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველები თავად გულშემატკივრებს შორის დაწყებული ჩხუბის ჩასახშობად ჩაერივნენ. თუმცა, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უეფა „მატჩის ორგანიზატორი არ ყოფილა, შესაბამისად, არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა და არც კონტროლი ჰქონდა სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე“.
ბათუმი ევროპის ლიგის ამ მატჩის მასპინძელ ქალაქად ოქტომბერში შეირჩა „უსაფრთხოების“ მოტივით. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე თურქეთსა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
