გიგა ფარულავა: 4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, საპატიმრო ვინც დატოვა, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს ციხეში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს
ევროპარლამენტის რეზოლუცია „ოცნების“ არადემოკრატიული მმართველობის შედეგია, რასაც, სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს. შესაბამისად, სანქციების დაწესების მოთხოვნა არავის უნდა გაუკვირდეს. ეს არც პირველი და არც უკანასკნელი მოწოდება იქნება, რადგან „ოცნება“ საკუთარ არადემოკრატიულ ნაბიჯებს არ იშლის, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება კონკრეტული პირების გათავისუფლების შესახებ მოწოდებას, 4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.
„4 ოქტომბერს ორი მთავარი აქტორი ჰყავს: ერთი მხრივ, „ოცნება“, რომელმაც 4 ოქტომბრის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარი დაგეგმა და, მეორე მხრივ, ოპოზიციის ის უპასუხისმგებლო და, ზოგიერთ შემთხვევაში, მოსყიდული ნაწილი, რომელმაც შეასრულა და აღასრულა 4 ოქტომბრის პროვოკაციული დანაშაული. სამწუხაროდ, ბურჭულაძე ერთ-ერთი იმ პირთაგანია, ვინც 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორი იყო. ეს ადამიანები – ბურჭულაძეც და სხვებიც, ვინც 4 ოქტომბრის მოვლენების წინა ხაზზე იდგნენ, უნდა გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან, რა მოხდა, ვინ დაგეგმა და ვინ აღასრულა 4 ოქტომბრის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარი.
ზოგმა მათგანმა საპატიმრო უკვე დატოვა, ზოგი კი დღესაც ციხეში რჩება. მათ, ვინც საპატიმრო დატოვეს, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს საპატიმროში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, მათ საჯაროდ უნდა აუხსნან მოქალაქეებს, რა მოხდა, ვინ იყო დამკვეთი, ვინ იყო აღმსრულებელი და რატომ ჩაიდინეს ეს კონკრეტული ქმედებები. ჩვენთვის სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის და ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
