კახა კალაძე: რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვთავაზობს უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, რაც ალოგიკურია
თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის შეხვედრას მედიასთან კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული მხარის პოზიცია, ქართული ღვინის რუსეთში შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით, არ არის განმარტებული შესაბამისი არგუმენტებით და წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს.
"მარტივად რომ ვთქვათ, რა არის პრობლემა და რას გვეუბნება რუსული მხარე. ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში და უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის ამის არგუმენტი და რაშია პრობლემა, ვერ მოვისმინეთ. ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს და, მეორე მხრივ, გვთავაზობენ, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობროს. ეს ხომ ალოგიკურია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ნათელია, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, რაც ქვეყანაში ოპოზიციის სახით წარმოდგენილ აგენტურულ ქსელს აძლიერებს.
„ვისაც შეუძლია ანალიზის გაკეთება, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს საქართველოში ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება შეფასებები და შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
