"გადატრიალების მცდელობა“ მთავარ აქცენტად: რას ამბობს სუს-ი 2025 წლის ანგარიშში
სუს-ის 2025 წლის ანგარიში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უწყების 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიში მოიცავს 2025 წელს საქართველოს წინაშე არსებულ შიდა და საგარეო უსაფრთხოების საფრთხეებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე გამოწვევებს, ჰიბრიდულ ომსა და დეზინფორმაციას, კონტრდაზვერვით და კონტრტერორისტულ საქმიანობას, ასევე ქვეყანაში ე.წ. დესტაბილიზაციის მცდელობების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით სუს-ის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.
ბორაშვილის განცხადებით, 2025 წელს მსოფლიოში და რეგიონში უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა, ხოლო საქართველოს წინაშე როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევები იდგა. მისი თქმით, წლის განმავლობაში ქვეყანაში დესტაბილიზაციის არაერთი მცდელობა იყო.
სუს-ის უფროსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებსა და ჰიბრიდულ გამოწვევებზე. მისი განცხადებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია კვლავ რჩება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ბორაშვილის თქმით, 2025 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ კამპანიებს.
ანგარიშის წარდგენისას სუს-ის უფროსმა 2025 წლის ოქტომბრის მოვლენებზეც ისაუბრა. უწყების ინფორმაციით, ბორაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავდნენ.
„სხვა ძალოვან უწყებებთან კოორდინაციით, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა თავიდან იქნა აცილებული“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.
მოხსენებისას ბორაშვილმა დეპუტატებს გააცნო კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობის, ასევე კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები.
მისი განცხადებით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდნენ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც საქართველოში ოპერატიულ და აგენტურულ შეხვედრებს ატარებდნენ.
სუს-ის უფროსის თქმით, ტერორისტული საფრთხეები საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება, თუმცა ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით ქვეყანა დაბალი რისკის სახელმწიფოდ მიიჩნევა.
ბორაშვილმა უწყებაში განხორციელებულ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს დაზვერვის სამსახური სამსახურის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება “დაზვერვის სააგენტოდ” გარდაიქმნა.
ამასთან, 2025 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად, ანუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ.
მოხსენებაში ასევე საუბარი იყო უწყების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასა და თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.
გამოსვლის დასასრულს თამაზ ბორაშვილმა სუს-ის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
სუს-ის უფროსის პარლამენტში გამოსვლამდე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოკლე მიმოხილვა უწყების უფროსის მოადგილემ, დავით არჩვაძემ წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ სუს-ის მიერ გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაში ოკუპაცია ზოგადი ფორმულირებით არის ნახსენები, ხოლო 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობას გაცილებით მკაფიო აქცენტი ეთმობა.
აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, 19 ნოემბერს, მინსკში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა. ეს იყო რუსეთთან არაფომრალური პირდაპირი დიალოგის განახლება, მაშინ როდესაც რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არ ცვლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პოლიტიკას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბაშვილისა და გალუზინის შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასაც, თუმცა ქართული მხარის განცხადებაში არ დაკონკრეტებულა, რა პოზიცია დააფიქსირა მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე. განსაკუთრებული ყურადღება კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას დაეთმო.
