ყალბი ვიდეოები და პირადი მონაცემების გავრცელება. ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე AI კამპანიის სამიზნე გახდა
თორნიკე რაზმაძე
ხელისუფლების კრიტიკოსი აქტივისტი თორნიკე რაზმაძე დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე გახდა. 21-23 ნოემბერს ანონიმურმა გვერდებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოები, სადაც ის ნარკოტიკებით მოვაჭრედაა წარმოჩენილი. გამოქვეყნდა მისი ტელეფონის ნომერიც, თითქოს ამ ნომრით მარიხუანის ყიდვა შეიძლებოდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამას კამპანიურ შევიწროებად აფასებს. ფაქტჩეკერების ცნობით, ქართულ პოლიტიკაში ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა კრიტიკოსის წინააღმდეგ ჰიპერრეალისტური AI-ვიდეოები ასე კოორდინირებულად გამოიყენეს.
რაზმაძე ჟურნალისტი, ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტია. ის ყოველდღიურად აქვეყნებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ კრიტიკულ ვიდეოებს, რომლებსაც დიდი ნახვები აქვს. YouTube-არხ „მისმანეზე“ თორნიკე რაზმაძე ორ გადაცემას უძღვება.
რა გავრცელდა
მითების დეტექტორის ცნობით, 21 ნოემბერს ანონიმურმა ფეისბუქ-გვერდმა „პოლიტიკანმა“ რაზმაძის სახელით ვიდეო გაავრცელა. ამ გვერდს ოპოზიციის დისკრედიტაციის ისტორია აქვს. ვიდეოში რაზმაძე თითქოს ნარკორეალიზატორს მიმართავს და კურიერად მუშაობას სთხოვს. ვიდეოს წარწერა ახლდა: „ახლა უკვე გასაგებია, რატომ დაძმაკაცდა ახობაძესთან“.
22 ნოემბერს ტიკტოკ-ანგარიშმა „DaDash Pirveli“ ვიდეო გამოაქვეყნა: კაცი სადარბაზოში შედის და გაზის მრიცხველებთან იხრება. ვიდეოს წარწერა ახლდა: „არ ვარო ხო ბარგინგაო თორნიკე რაზმაძემ?“
„ცენზურის საფრთხე“. რა ვიცით შსს-ს ახალ სამმართველოზე, რომელიც საჯარო კომუნიკაციას გააკონტროლებს.
სიმონიანის და სოლოვიოვის “შეურაცხყოფის” გამო შსს-მ ქართველ ბლოგერზე საქმე აღძრა
იმავე დღეს გვერდმა „განულებული ოპოზიცია“ გამოაქვეყნა რაზმაძის ფოტო შავებში ჩაცმულ ქალთან ერთად. პოსტში ეს ქალი წარმოდგენილია, როგორც ოვერდოზით გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა, რომელიც სიკვდილს „რაზმაძის მსგავს ბარიგებს“ აბრალებს.
მითების დეტექტორმა პირველი ორი ვიდეო ხელოვნური ინტელექტით შექმნილად შეაფასა. InVID-ის მიხედვით, „პოლიტიკანის“ ვიდეოს AI-ით შექმნის ალბათობა 96%-ია, Sightengine-ის მიხედვით, ტიკტოკის ვიდეოსი კი 77%. ფაქტჩეკერები აღნიშნავენ, რომ ორივე ანონიმური გვერდი და ტიკტოკ-ანგარიში მთავრობის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ წინა კამპანიებშიც იყო ჩართული.
23 ნოემბერს სოციალურ ქსელში რაზმაძის ტელეფონის ნომერიც გამოქვეყნდა.
რას ამბობს რაზმაძე
რაზმაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. მან დაწერა: „ჩემზე შეტევამ მიიღო სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა, მხოლოდ პროპაგანდა აღარაა ეს“.
ტვ პირველთან საუბარში მან კამპანიის შესაძლო შედეგებზე ისაუბრა: „ეს უბინძურესი კამპანია შეიძლება დასრულდეს ჩემი ანგარიშსწორებით ან რაღაცის ჩადებით“.
რაზმაძე ფიქრობს, რომ კამპანიის უკან ხელისუფლება დგას. ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში, კომენტარებში, მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას განიხილავდა.
თავად აქტივისტმა კამპანია თავის ბოლოდროინდელ ვიდეოებს დაუკავშირა. ერთ-ერთში ბარბარე რაფალიანცის საქმეს იხსენებს, მეორეში კი პროსამთავრობო ტელევიზიების კომიკოსებს დასცინის. მისი თქმით, ორივე ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რაზმაძე იურისტებთან კონსულტაციას გადის.
როგორ გააშუქა ამბავი პროსამთავრობო მედიამ
სოციალურ ქსელებში AI კამპანიის პარალელურად, პროსამთავრობო მედიაში მეორე ხაზი გაჩნდა. 22 ნოემბერს ფეისბუქ-გვერდმა „პირველი ამბები“ ბათუმში 2021 წელს კორპუსის ჩამონგრევის კადრები გამოაქვეყნა როგორც ახალი ამბავი. პოსტში ეწერა, რომ ნანგრევებში ასობით ადამიანი იყო მოყოლილი და 30 დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს უარყო და განაცხადა, რომ პოსტის მიზანი საზოგადოებაში პანიკის დათესვა იყო.
ამის შემდეგ პროსამთავრობო მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ „პირველი ამბები“ , რომელმაც ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, „თორნიკე რაზმაძესთან დაკავშირებული“ ფეისბუკ-გვერდი იყო. კავშირის დასასაბუთებლად მხოლოდ ის მოიყვანეს, რომ „პირველი ამბები“ მანამდე რაზმაძის ვიდეოებს აზიარებდა. გვერდის ადმინისტრატორების ვინაობა არცერთ ამ მასალაში არ იყო დასახელებული.
რაზმაძე ამბობს, რომ პოსტი მას არ გამოუქვეყნებია და არც აღნიშნულ გვერდთან აქვს რაიმე კავშირი. მისი თქმით, გვერდი დიდი ხნის წინ შეიქმნა და რეგულარულად აზიარებდა სხვა ოპოზიციური ფიგურების ვიდეოებსაც. რაზმაძემ ტელეკომპანიებს „იმედს“, „რუსთავი 2-სა“ და POSTV-ს ცრუ ინფორმაციის წაშლა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
რას ამბობენ უფლებადამცველები
საიას შეფასებით, რაზმაძის მიმართ სხვადასხვა პლატფორმაზე განხორციელებული ქმედებები „ერთიანი, მიზანმიმართული და კამპანიური შევიწროების ხასიათის მატარებელია“. ორგანიზაციის აზრით, მასალა პიროვნების გათავისების კონტექსტში უნდა შეფასდეს, რადგან ვიდეოები მის სახესა და ხმას იმეორებს. საიას თქმით, სატირისა ან პაროდიის ნიშნების არარსებობა „ზრდის თორნიკე რაზმაძის პატივის, პირადი ცხოვრების, იდენტობისა და უსაფრთხოების უფლებებზე ზემოქმედების სიმძიმეს“. ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია ეს რისკები დროულად შეაფასოს, მიიღოს დაცვის ზომები და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები.
სოციალურ ქსელებში: შეტევა და სოლიდარობა
ამბავს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რაზმაძის პოსტების ქვეშ გამოჩნდა შეურაცხყოფა და ბრალდებები, რომლებიც ყალბი ვიდეოების ნარატივს იმეორებდა. ამავე დროს ბევრმა მხარდაჭერის პოსტი გამოაქვეყნა. სხვა ბლოგერებმა და მთავრობის ოპონენტებმა რაზმაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. ისინი ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ასეთ კამპანიებს შესაძლოა საშიში შედეგები მოჰყვეს. სოლიდარობა იუთუბერებმა და სპორტის კომენტატორებმაც გამოხატეს.
ონისე ოქრიაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, პირველად ხდება, როცა ადამიანს ჰიპერრეალისტური და არა სატირული AI-ვიდეოებით აშავებენ.
კონტექსტი: ჯარიმა სიმონიანის გამო
კამპანიამდე ერთი თვით ადრე რაზმაძე 3000 ლარით დააჯარიმეს. სექტემბერში შსს-მ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღძრა. მიზეზი იყო ფეისბუქ-კომენტარი, რომელშიც მან კრემლის პროპაგანდისტები მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმირ სოლოვიოვი შეაგინა. რუსმა პროპაგანდისტებმა მანამდე ერეკლე მეორეს „მუხლებზე დაჩოქილი“ მეფე უწოდეს და თორნიკე რაზმაძის ვიდეოც სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა.
საქმე შსს-ის სიძულვილის ენასთან ბრძოლის ახალმა სამსახურმა წამოიწყო. საიამ მაშინ ამ საქმეს ცენზურის პრეცედენტი უწოდა.
რაზმაძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ კამპანიას სწორედ ამ საქმის დაწყების შემდეგ ელოდა.
რა იქნება შემდეგ
რაზმაძე იურისტებთან ერთად სამართლებრივ ნაბიჯებს განიხილავს. ერთ-ერთი კითხვაა, შესაძლებელია თუ არა ანონიმური გვერდების ავტორების იდენტიფიცირება. შსს-ს ჯერ არ განუცხადებია, დაიწყო თუ არა გამოძიება მის მიმართვაზე.
