მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი დისკუსიისთვის, თუ ვინმე გვაჩვენებს, გამჭვირვალობის კანონის რომელი ნაწილი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“ ევროკომისიის ანგარიშში გამოთქმული შეფასებებისა და ევროკავშირის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებების შესაძლო შედეგებზე, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გადახედვის საკითხზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის გარკვეული თანამდებობის პირები და პოლიტიკური აქტორები ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებენ. მისივე შეფასებით, ამგვარი მიდგომა არაერთხელ გამოვლინდა როგორც ევროკავშირის გაფართოების, ისე სავიზო პოლიტიკის მიმართულებით.
„უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან არაერთხელ გახდა შანტაჟის ინსტრუმენტი და ზოგადად ჩვენ ვნახეთ, რომ ბრიუსელის გარკვეულმა თანამდებობის პირებმა და აქტორებმა არაერთხელ გამოიყენეს ევროკავშირის პოლიტიკა, ევროპის პოლიტიკა სწორედ ზეწოლის ინსტრუმენტებად საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ამ კონტექსტში გაიხსენა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი, რომელიც, მისი შეფასებით, უსამართლო მიდგომებითა და პოლიტიკური ზეწოლით ხასიათდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან სათანადო საფუძველი არ ჰქონდა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის მექანიზმების გამოყენების საკითხის ლობირებაში, სამწუხაროდ, ჩართული იყვნენ ქართველი პოლიტიკოსები და ორგანიზაციები, რომლებიც ბრიუსელს აწვდიდნენ ინფორმაციას იმ შესაძლო ბერკეტების შესახებ, რომელთა გამოყენებასაც ქართულ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა შეეძლო. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის იდეას თავად ევროკავშირშიც ჰყავდა და ჰყავს მოწინააღმდეგეები.
ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც გამჭვირვალობის კანონის გამო უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკს შეეხებოდა, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ხედავს ამ კანონის გაუქმების საფუძველს. მისი განმარტებით, კანონის მიღება ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს ემსახურებოდა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება მზად არის საკითხის გარშემო ნებისმიერ სამართლებრივ დისკუსიაში მონაწილეობისთვის.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი დისკუსიისთვის, თუ ვინმე გვაჩვენებს, რა ნაწილში მოდის გამჭვირვალობა წინააღმდეგობაში ევროპულ ფასეულობებთან, რა არის გამჭვირვალობაში ისეთი მიუღებელი ევროპული საზოგადოებისთვის, მაშინ, როდესაც ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნებში რა ხდება, რა პროცესები მიდის და რამდენად საჭიროა სწორედ უცხოური დაფინანსების, უცხოური გავლენების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრმა ასევე უპასუხა შეკითხვას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში უცხოური დაფინანსებისა და გავლენების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომების შესახებ. მისი შეფასებით, საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტის გამოყენების მცდელობა აშკარაა, როდესაც სხვა ქვეყნებში მიღებული გადაწყვეტილებები და სამართლებრივი პრაქტიკა საქართველოს შემთხვევაში მიუღებლად ფასდება.
„ეს არის საქართველო და ის არის სხვა ქვეყანა, მეტი განსხვავება აქ არ არის და საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა სტანდარტი, ორმაგი სტანდარტი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხზეც და მაგალითად მოიყვანა განსხვავებული დამოკიდებულება პოლიციის მოქმედებებისა და ძალადობრივი ქმედებების შეფასებისას.
„ქართულმა პოლიციამ არ უნდა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, ეს არის ძალადობა და სხვა ქვეყანაში პოლიციამ ძალიან უხეში ფორმებით უნდა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი. ასე რომ მოლოტოვის კოქტეილები და ფეიერვერკები საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციის სახე და სიმბოლოა, სხვა ქვეყანაში ეს არის ის, რაც არ შეიძლება რომ იყოს გამოყენებული”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
