დიდმა ბრიტანეთმა 100 000-მდე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს შესაძლო მობილიზაციისკენ მოუწოდა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 100 000 ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს წერილი გაუგზავნა და ომის შემთხვევაში შესაძლო მობილიზაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა. ინფორმაციას გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს ცივი ომის შემდეგ მსგავსი მასშტაბის პირველი ინიციატივაა.
წერილები დიდი ბრიტანეთის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს გაეგზავნათ. მათ საკონტაქტო მონაცემების განახლება, ამჟამინდელი საქმიანობისა და სამოქალაქო ცხოვრებაში შეძენილი პროფესიული უნარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს.
თავდაცვის სამინისტრო ვეტერანებს სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებში ნებაყოფლობით მონაწილეობასაც სთავაზობს. მათ შორისაა ნატო-ს მასშტაბური სწავლება Steadfast Defender, რომელიც 2027 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, უეს სტრიტინგმა განმარტა, რომ აღნიშნული ნაბიჯი პრევენციული ღონისძიებაა და არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ომის დაუყოვნებლივ საფრთხეს ელოდება.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უსაფრთხოების გაზრდილი საფრთხეების წინაშე არიან, რის გამოც სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება აუცილებელია.
