დავით ქართველიშვილი: როდესაც აფხაზური დე-ფაქტო ოპოზიციის ლიდერის ოჯახი კრიტიკულ მომენტში თბილისს ირჩევს, ეს თავისთავად მეტყველებს, რომ ზოგჯერ მრავალწლიანი მტრობის საუკეთესო პასუხი მორიგი პოლიტიკური განცხადება კი არა, გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლეა
როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მრავალწლიანი კონფლიქტები უკან იხევს და ხშირად, დაპირისპირებულ მხარეებს მაღალი ტრიბუნებიდან გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები კი არ აახლოებს, არამედ ადამიანური ურთიერთობები.
„ზოგჯერ საქართველოს სასარგებლოდ ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტები არა პარლამენტის ტრიბუნებიდან და დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე, არამედ საავადმყოფოს პალატებში ჩნდება. 24 წლის ეფრემ კვარჩიას ისტორია სწორედ ასეთი მორიგი შემთხვევაა. 2026 წლის 15 ნოემბერს, სოხუმში, ქონებრივ დავასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს, ახალგაზრდა მამაკაცმა ავტომატიდან ნასროლი ექვსი ტყვია მიიღო. მის ოჯახს უმძიმესი გადაწყვეტილების მიღება მოუწია, რომლისგანაც ადამიანის სიცოცხლე იყო დამოკიდებული: სად გადაეყვანათ მძიმედ დაჭრილი? რუსეთი, სადაც აფხაზეთის ბევრი მცხოვრები ტრადიციულად სამედიცინო დახმარებისთვის მიემგზავრება – ამ შემთხვევაში ოჯახისთვის პრაქტიკულად დახურული მარშრუტი აღმოჩნდა. მშობლებმა თბილისი აირჩიეს. ამ ისტორიას რთული ოჯახური წარსული უდევს საფუძვლად. ეფრემის მამა – კან კვარჩია, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი და ოპოზიციური მოძრაობა „აიდგილარას“ ლიდერი, ცნობილია იმ სადავო საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ მკაცრი პოზიციით, რომლებიც, მისი აზრით, დე-ფაქტო აფხაზეთის ინტერესებს საფრთხეს უქმნის. 2026 წლის ივნისში სოჭის რუსეთის სასამართლომ მას დაუსწრებლად ათი წლითა და ექვსი თვით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა 2025 წლის ნოემბერში სოხუმში, რუსი პოლიტტექნოლოგების მონაწილეობით მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებულ საქმეზე. დაკავების საფრთხის გამო მისთვის რუსეთში გადაადგილება დახურულ მარშრუტად იქცა. იმავე ეპიზოდებთან დაკავშირებით ძებნაში მისი შვილიც მოხვდა. ამ ფონზე ოჯახის გადაწყვეტილება, ეფრემის სიცოცხლე ქართველ ექიმებს მიანდოს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს: მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების პირობებშიც კი, პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თანადგომას შეუძლია გააღოს ის კარები, რომლებიც პოლიტიკამ დიდი ხნის წინ დახურა. თუმცა, საქართველოსთვის ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. 2015 წლის მაისში თბილისში სამკურნალოდ მძიმედ ავადმყოფი, აფხაზეთის ომის „გმირი”, რუსლან ქიშმარია ჩამოიყვანეს. მაშინ მას სოხუმისა და რუსეთის კლინიკებმა უარი უთხრეს, მაგრამ ქართველმა ექიმებმა პაციენტი ფაქტობრივად იმქვეყნიდან დააბრუნეს. ამის შემდეგ მან კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა.
დღეს კი, უკვე ეფრემ კვარჩიას ისტორია კვლავ გვახსენებს: როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, საზღვრები, პოლიტიკური იარლიყები და მრავალწლიანი კონფლიქტები უკან იხევს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ადამიანი გადაარჩინო. თუ ერთ შემთხვევაში ქართულმა მედიცინამ მძიმედ ავადმყოფს სიცოცხლის შანსი მისცა, მეორე შემთხვევაში იგი ექვსი ტყვიით დაჭრილი ახალგაზრდა კაცისთვის იმედად იქცა. საქართველო აჩვენებს, რომ შეუძლია იყოს არა ახალი დაპირისპირებების წყარო, არამედ სივრცე, სადაც ადამიანს ეხმარებიან მისი პოლიტიკური შეხედულებების, წარმომავლობისა და ოჯახური გარემოებების მიუხედავად. ეს არ აუქმებს არსებულ კონფლიქტებს და არც იმას ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული ჟესტები ავტომატურად გამოიწვევს პოლიტიკურ შერიგებას. თუმცა, სწორედ ასეთი ქმედებები ქმნის მომავალი ნდობის საფუძველს – არა დეკლარირებულის, არამედ რეალური მოქმედებებით დადასტურებულის. როდესაც აფხაზური დე-ფაქტო ოპოზიციის ლიდერის ოჯახი კრიტიკულ მომენტში თბილისს ირჩევს, ეს თავისთავად მეტყველებს: ზოგჯერ მრავალწლიანი მტრობის საუკეთესო პასუხი მორიგი პოლიტიკური განცხადება კი არა, გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლეა,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
