ორიგინალი
რას უნდა ველოდოთ 2027 წელს?!
კვირის პალიტრა·09:00

რას უნდა ველოდოთ 2027 წელს?!

29 ნოემბერი, 2026 · 09:00

პროგნოზი უმადური საქმეა. მაგალითად, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 6 ოფიციალურ მატჩს ისე ჩაატარებდა, რომ გოლს ვერ გაიტანდა. ასეა პოლიტიკაშიც, განსაკუთრებით ქართულში. თუმცა, ალბათ, გარკვეული სუბიექტური პროგნოზის გაკეთება შეიძლება - რა მოხდება საქართველოში 2027 წელს?!

პარტიების აკრძალვის საქმე ბოლოში გადის. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთივე პარტია აკრძალა ("ნაცმოძრაობა", "ლელო", "ახალი", "ფედერალისტები" და გახარიას პარტია), მაშინ 2027 წელი იქნება მათთვის გამოცდა, რა ფორმით შეძლებენ პოლიტიკაში დარჩენას. მოქმედი კანონმდებლობით, აკრძალული პარტიის წევრებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალებათ. ასე რომ, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში ზოგიერთი ლიდერი შესაძლოა საზღვარგარეთაც ვიხილოთ. "ქართული ოცნების" სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ზემოხსენებული პარტიების ბოლო იმედი სტრასბურგის სასამართლოა. თუ პარტიები წლის ბოლომდე აიკრძალა, ალბათ, ამ საქმეს სტრასბურგი 2027 წლის დასაწყისში დაჩქარებულად განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი არგუმენტებიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, ევროსასამართლომ "ოცნების" სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა საქმე ის იქნება, ამჟამად დაემორჩილება თუ არა ოფიციალური თბილისი სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ასე რომ, შესაძლოა 2027 წლის დამდეგს კიდევ ერთი სკანდალი ვნახოთ.

კარგი, წარმოვიდგინოთ, რომ ხუთივე პარტია აიკრძალა. რა თქმა უნდა, ოპოზიციური ფლანგი მთლად ცარიელი არ დარჩება თუნდაც ახალდაფუძნებული პარტიების სახით. ისინი, ალბათ, პირველ ეტაპზე აკრძალულ კოლეგა-ოპოზიციონერებს სოლიდარობას გამოუცხადებენ, შემდეგ კი... დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ მაინც გარდატეხის შეტანის მთავარი გზაა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები. "გავიმარჯვებთ არჩევნებზე და შევცვლით კანონებს", - ეს იქნება მთავარი სლოგანი.

იგივე სცენარი იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ "ნაცმოძრაობა" აკრძალა ან საერთოდაც რომ არ დააკმაყოფილოს "ოცნების" სარჩელი. დიახ, სხვა გზა არის ქუჩიდან ხელისუფლებაზე ისეთი ზეწოლა, რომ მმართველმა გუნდმა უკან დაიხიოს, რაღაცები შეცვალოს და ეს ყველაფერი... მაინც არჩევნებით დასრულდება. თუმცა საკითხავია, ხალხის იმ რაოდენობითა და სიხშირით (ანუ ერთჯერად აქციებზე არ არის ლაპარაკი) გამოყვანას შეძლებენ აკრძალული თუ აუკრძალავი პარტიები, რომ "ოცნება" დაფრთხეს? დღევანდელი მოცემულობით ეს საეჭვოა და, ალბათ, 2027 წელსაც ასე იქნება, თუ რამე დიდი უბედურება ან გარდამტეხი მოვლენა არ მოხდა. ასე რომ, შემდეგი წლის ბოლოს პოლიტიკურ თამაშში დარჩენილი პარტიებისთვის არჩევნებში მონაწილეობის თემა გააქტიურდება.

რა მოხდება "ოცნებაში"?! არ გამართლდა ექსპერტთა ნაწილის ვარაუდი, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას პრემიერ ირაკლი კობახიძის შეცვლაც მოჰყვებოდა. 2027 წელსაც იქნება თუ არა მთავრობის ხელმძღვანელი კობახიძე, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის. მეორე მხრივ, "ოცნებასთან" დაახლოებული პირები, რომელთაც ჭკუა მოეკითხებათ, აცხადებენ, რომ უკვე შერჩეულია ახალი პრემიერის კანდიდატურა. მმართველ გუნდს იოლი წელი ნამდვილად არ ელის. კერძოდ, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დანებებას არ აპირებს. მეტიც, მისმა ადვოკატმა თქვა, რომ ღარიბაშვილს ბევრი რამ აქვს სათქმელი. ვნახოთ, რას იტყვის ყოფილი პრემიერი (ან იტყვის თუ არა საერთოდ რამეს) და რა საიდუმლოებებს ახდის ფარდას. ისე, ზოგჯერ "ალაპარაკებაც" გადამდებია.

ამ ეტაპამდე დუმს "ოცნების" ერთ-ერთი ყოფილი ხერხემალი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ უსამართლოდ ზის ციხეში. დაიწყებს ისიც წერილების წერას?!

საგარეო კუთხით, ალბათ, ბევრი არაფერი შეიცვლება. სავარაუდოდ, თბილისსა და ბრიუსელს შორის ცივი ურთიერთობების სტატუს-კვო შენარჩუნდება. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ევროკავშირის ხელმძღვანელები ოფიციალურ თბილისთან ან მთლიანად ქვეყანასთან მიმართებაში რაიმე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას არ აპირებენ. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ალბათ, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, აქაც დიდი გარღვევა არ იქნება. ამ ურთიერთობის დადებითისკენ მკვეთრად შეცვლის პირველი სიმპტომი უნდა იყოს, ვაშინგტონის მხრიდან ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის აღდგენა. დღეს ამის არანაირი ნიშანწყალი არ არის. ეგ კი არა, ჯერ ამერიკას საქართველოში ელჩიც კი არ ჰყავს (თბილისში მუშაობს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი). იმედია, 2027 წელს ტრამპი ელჩს მაინც დანიშნავს. ასევე, იმედი გვაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს გალღვება თბილისი-ბრიუსელის ურთიერთობები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ქართულ-რუსულმა ურთიერთობებმა ერთი დონით მაღლა აიწია. პრემიერის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში გიორგი ზურაბაშვილს ლავროვის მოადგილე მიხაილ გალუზინი დაელაპარაკება. თუმცა რაღაც ამ ურთიერთობების ეპოქალურ შემობრუნებას არ უნდა ველოდოთ. მოსკოვი, ერთი მხრივ, თბილისს თაფლაკვერს აწვდის, მეორე მხრივ კი, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის "სახელმწიფოების" დაცვაზე საუბრობს. სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული ექნება, ვერანაირ სრულფასოვან ურთიერთობებზე ვერ იქნება ლაპარაკი, გინდაც 2027 წელს და გინდაც 2037-ში.

რა მოხდება მსოფლიოში?!

ჟურნალმა "ეკონომისტმა" ყველას დაასწრო და გამოაქვეყნა პროგნოზი - მთავარი მოვლენები, რომლებიც შეიძლება მსოფლიოში 2027 წელს მოხდეს. გთავაზობთ ეპიზოდს ამ სტატიდან (გამოქვეყნებულია KVIRISPALITRA.GE-ზე. მოამზადა სიმონ კილაძემ):

ეპოქა ტრამპის შემდეგ - 2027 წლიდან დაიწყება ბრძოლა დონალდ ტრამპის პოლიტიკური მემკვიდრის ადგილისათვის. ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი? თვითონ პრეზიდენტი "კოჭლ იხვად" გადაქცევას არ აპირებს. იგი უფრო მეტად "გაბრაზებულ ფრინველს" დაემსგავსება ამავე სახელწოდების ფილმიდან: შეუძლია კიდევ ბევრი სისულელე ჩაიდინოს და შეცდომა დაუშვას. ალბათ, უნდა ველოდოთ პრეზიდენტის ახალ ბრძანებებს, სასამართლო საჩივრებს, სახელწოდებების მოულოდნელ გადარქმევებს, გრანდიოზულ სამშენებლო პროექტებს და სამხედრო ავანტიურებს. დონალდ ტრამპი შეეცდება თავისი გავლენის შენარჩუნებას და იმის განსაზღვრას, თუ როგორ შევა მისი პრეზიდენტობა ისტორიაში, ამასობაში კი მთელი მსოფლიო დაიწყებს დაფიქრებას იმაზე, თუ როგორი იქნება ცხოვრება დონალდ ტრამპის შემდეგ.

ირანთან ომის ექო - ირანთან ომის შედეგები მთელი 2027 წლის განმავლობაში იქნება საგრძნობი. ისინი შეცვლიან პოლიტიკურ სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში, ენერგორესურსების მსოფლიო ნაკადებს და საფრთხეს შეუქმნიან სასურსათო უსაფრთხოებას ორგანული სასუქების მწვავე უკმარისობის გამო. უშუალოდ ირანში კი მმართველი რეჟიმი კიდევ უფრო გაამკაცრებს საზოგადოების კონტროლს.

ისევ ყველაზე ცხელი წელიწადი ისტორიაში - მოსალოდნელია, რომ 2027 წელი ყველაზე ცხელი წელიწადი იქნება კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში. ზემძლავრი მოვლენა "ელ-ნინიო" მოგვცემს წარმოდგენას იმაზე, თუ რა მომავალი გველოდება: უფრო ცხელი, იმავდროულად, არასტაბილური, უფრო გვალვიანი, ექსტრემალური სიცხის ტალღებით, ტყის ხანძრებითა და დამანგრეველი ატმოსფერული მოვლენებით. ასეთი საშინელებების თავიდან აცილება შეიძლება ჰაერის გაჭუჭყიანების რაც შეიძლება სწრაფი შეჩერებით, ნახშირორჟანგის გამოფრქვევის აკრძალვით (მაგრამ საეჭვოა).

წინააღმდეგობის გაძლიერება ხელოვნური ინტელექტისადმი - იმ რისკებისაკენ, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება, სულ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებაა მიპყრობილი. ფინანსური ჩამოშლის საფრთხე უფრო გაიზრდება იმის კვალობაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროს კომპანიები გაუმჭვირვალე და რთულ გარიგებებს აფორმებენ. იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მოხდება ფინანსურ ბაზრებზე, ხელოვნური ინტელექტის მქონე უფრო სრულყოფილი მოდელები (ანდროიდები) გამოყენებული იქნება მრავალრიცხოვანი კიბერშეტევის ორგანიზებისათვის.

მემარჯვენე პოპულისტები ევროპაში - მემარჯვენე პოპულიზმი მსოფლიოში ძალას საკმაო ხანია იკრებს, მაგრამ 2027 წელს მთელი ყურადღება მიპყრობილი იქნება საფრანგეთისკენ, სადაც მარინ ლეპენს, რომელიც მემარჯვენე პოპულისტურ "ეროვნულ გაერთიანებას" წარმოადგენს, კარგი შანსები აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. ასეთმა შედეგმა შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს ფრანგულ-გერმანული ტანდემის მუშაობა, რომელიც ევროკავშირის მამოძრავებელი ძალაა.

უკიდურესი ვადა ტაივანისათვის - როგორც ამტკიცებენ, სი ძინპინმა ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს ამოცანა დაუსვა - 2027 წელს არმია მზად უნდა იყოს ტაივანზე შესაჭრელად და კუნძულის დასაპყრობად. გაბედავს თუ არა ჩინეთი ტაივანზე თავდასხმას, თუ უპირატესობას მიანიჭებს ტაივანის 2028 წლის არჩევნებს, რომლის დროსაც შეიძლება კუნძულზე "პროპეკინურმა" ძალებმა გაიმარჯვონ? მოკლედ, მომავალი ორი წელი პოტენციურად სახიფათო იქნება.

"ოზემპიკის" ეფექტი - პრეპარატი "ოზემპიკი" არა მარტო ეხმარება ადამიანებს წონის დაკლებაში, არამედ ცვლის მათ მომხმარებლურ ჩვევებსაც. ადამიანები, რომლებიც ზედმეტ კილოგრამებს იცილებენ და ამით თითქოსდა ახალ ცხოვრებას იწყებენ, 2027 წელს შეეცდებიან მეტი ფული დახარჯონ ტანსაცმელზე, კოსმეტიკასა და სპორტულ ვარჯიშებზე. ამ მოვლენამ "კომპენსატორული შოპინგის" (საყიდლებზე სიარულის) სახელწოდება მიიღო.

კოსმოსური სტარტების გაიაფება - კომპანია SpaceX-ის დიდი კოსმოსური ხომალდი შტარსჰიპ დაიწყებს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების რეგულარულ გაყვანას ორბიტაზე.

ჰოლივუდის "გადატვირთვა" - ცნობილ კინოსერიალ "ვარსკვლავური ომების" გადაღების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით, ფილმს ისევ გაუშვებენ გაქირავებაში, ხოლო ახალი ფილმით შეეცდებიან ფრანშიზი განახორციელონ. ეკრანებზე ისევ დაბრუნდება "შურისმაძიებლები", ხოლო მალე მორიგ ახალ ფილმს ვნახავთ ჯეიმზ ბონდის მონაწილეობით. მაგრამ მცირებიუჯეტიანი ფილმების წარმატება, რომლებიც "იუთუბის" ავტორების გადაღებულია, დაფიქრებას გვაიძულებენ: სურს თუ არა საზოგადოებას, ბოლოს და ბოლოს ნახოს რაღაც ნამდვილად ახალი? შესაძლოა. და მაინც, "ვარსკვლავური ომები" 2027 წელს შეიძლება უფრო აქტუალური აღმოჩნდეს, ვიდრე ოდესმე. ამ ფილმში ხომ სამხედრო თვალსაზრისით უძლიერესი სახელმწიფო მარცხს განიცდის პატარა და იაფი საფრენი აპარატებისაგან: დროიდები (რობოტები) კონტროლიდან გამოდიან და საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ, ხოლო უსაფრთხოების წესების დაცვის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება და მონაცემთა ბაზის "გატეხა-გაძარცვა" კატასტროფულ შედეგებს იწვევს. ეს ყველაფერი თანამედროვეობას საოცრად ეხმაურება. როგორც ჩანს, რეალობა ბოლოს და ბოლოს ფანტასტიკას დაეწია.

გიორგი კვიტაშვილი

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. რას უნდა ველოდოთ 2027 წელს?!

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·12:08

იტალია და გერმანია ზელენსკის „გაუწყრნენ“ ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში რუსული ხომალდების აფეთქებების გამო...

იტალია და გერმანია ზელენსკის „გაუწყრნენ“ ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში რუსული ხომალდების აფეთქებების გამო...
კვირის პალიტრა·11:01

"ტროტუარზე დგომისთვისაც კი, ერთხელაც არაა დაკავებული და უფრო მეტიც, დაჯარიმებულიც. რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე?

"ტროტუარზე დგომისთვისაც კი, ერთხელაც არაა დაკავებული და უფრო მეტიც, დაჯარიმებულიც. რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე?
კვირის პალიტრა·09:00

რაშია პრობლემა?! - ნული გოლი, ნული იმედი? - სად გაქრა საქართველოს ნაკრების შეტევა?

რაშია პრობლემა?! - ნული გოლი, ნული იმედი? - სად გაქრა საქართველოს ნაკრების შეტევა?
კვირის პალიტრა·09:00

ონკოპაციენტის ჩანაწერები

ონკოპაციენტის ჩანაწერები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.