ონკოპაციენტის ჩანაწერები
(დასაწყისი "კვირის პალიტრა" N ##40-46)
მე-4 ნაწილი
ერთმა კვირამ მალევე გაირბინა. შეიძლება ითქვას, რომ მშვიდადაც ჩაიარა. ქიმიოთერაპიის მედიკამენტ პაკლიტაქსელის გადასხმაზე ყველაფერი ზეპირად ვიცოდი - მაგალითად, რომ ნეიროპათიის გართულებები შეიძლება მოჰყოლოდა, გარდა ამისა, კუჭისა და ნაღვლის მოქმედებას მნიშვნელოვნად აფერხებდა, როგორც ქიმიური მედიკამენტების დიდი ნაწილი. კვებითი პრობლემების შესახებ ჩემმა კლინიკურმა ონკოლოგმაც მითხრა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარიგებები ანასგან მივიღე - კიდევ ერთი უძლიერესი ქალისგან, რომელმაც არა მხოლოდ შეძლო კიბოსთან გამკლავება, არამედ საკუთარი გამოცდილება და ენერგია აქცია სხვა ონკოპაციენტების დასახმარებელ ძალად. ეს სწორედ ის ანა მაზანიშვილია, რომელმაც საქართველოში დააფუძნა "დონა ევროპა საქართველო" და ეს ორგანიზაცია ეწევა ადვოკატირებას უკვე არა მხოლოდ ძუძუს კიბოს მიმართულებით... ის რომ დღეს ქვეყანაში ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპიის რიგი მედიკამენტებიც სახელმწიფოსგან ფინანსდება, ანას და მისი გუნდის დიდი დამსახურებაა.
სწორედ ანამ მირჩია, რომ განსაკუთრებით ქიმიოთერაპიის დასაწყისში მაქსიმალურად ფრთხილად შემერჩია საკვები - უპირატესობა მიმენიჭებინა ფაფებისა და კრემსუპებისთვის, სრულად ამომეღო კვებიდან ტკბილი და ხილი. ასეც მოვიქეცი, მიუხედავად ამისა, მცირე კვებითი პრობლემები პირველივე კვირას მქონდა, თუმცა მალევე ყველაფერი დავძლიე...
მაინც ყველაზე მეტად ის მაფიქრებდა, როგორ მოვხვდებოდი მედუზის შიგნით - ჩემს სიზმარეულ რძისფერ პალატაში... როგორ გავუძლებდი მის ხმაურს, მის დროებით ბინადრებს შორის როგორ ჩავეწერებოდი...
თუმცა მანამდე მე და თაკომ კიდევ ერთი გადაღება დავგეგმეთ.
თიანეთში ვარ დაბადებული, 17 წლამდე იქ ვიზრდებოდი. ბებოსთან ვიყავი ჩაწერილი. ჩემი ტკბილი ანიკო ბებოს გარდაცვალების შემდეგ მისი უძრავი ქონება ანდერძით ჩემს საკუთრებაში გადმოვიდა, თუმცა ეს ყველაფერი პირობითი იყო და არის დღემდე... მოკლედ, არასდროს მომსვლია აზრად თიანეთიდან ამოწერა და თბილისში რეგისტრაცია - როდესაც ჩემთვის საჭირო მკურნალობისა და იმუნოთერაპიის გიჟური ფასის შესახებ გახდა ცნობილი, ბევრი მირჩევდა, თბილისში გამეკეთებინა რეგისტრაცია, მეუბნებოდნენ, რომ ახალი რეგისტრაციიდან 6 თვეში, აქ გაცილებით კარგად შეიძლება დაეფინანსებინა თბილისის მერიას ჩემთვის მედიკამენტი... თუმცა ამის გასაკეთებლად ნამუსმა არ გამიშვა...
მოკლედ, მე და თაკომ გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით თიანეთის მუნიციპალიტეტში და გვენახა, როგორ და რას დამიფინანსებდა ადგილობრივია მერია..
ნატა და გაბე უკვე საყდრიონში იყვნენ. მარიკას ვთხოვე თიანეთში წაყვანა, სადღაც 12 საათისთვის გამომიარა, თაკო სარაჯიშვილზე დაგვხვდა და გავუდექით გზას.
კვლავაც ულამაზესი დაგვხვდა საბადური, სინათლით სავსე, თუმცა წინა დღეს ეწვიმა, ნესტი მეტად იგრძნობოდა, ხეების ახლად გადარეცხილი ფოთლები კი მზის სინათლეზე სხვანაირად ზიმზიმებდნენ. ღულელებს რომ გაცდებით, იქ არის გადასახვევი, რომელიც ტოლაანთსოფლამდე მიდის, სწორედ იქ ცხოვრობს მარიკას დედა მაიკო - მას შევუარეთ, ბანკში რაღაც საქმე ჰქონდა და თიანეთში გავიყოლეთ... მაიკო და მარიკა წლების წინ საყდრიონში ჩვენი მეზობლები იყვნენ - ყველაზე ტკბილი მეზობლები მსოფლიოში, დღეს კი უკვე საუკეთესო მეგობრები ვართ...
მოკლედ, ავედით თიანეთში, მერიაში გვითხრეს, რომ ის განყოფილება, რომლისთვისაც უნდა მიგვემართა, შესვენებაზე იყო. ამიტომ ბანკისკენ ავიღეთ გეზი. მაია ბანკში შევიდა, ჩვენ კი მის წინ პატარა სკვერში ჩამოვსხედით და სწორედ ამ დროს ვიღაცამ დამიძახა...
- ნათია, შენ ხარ? - ციცინო გაბიდაური იყო - მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის დირექტორი... ადამიანი, რომელთანაც ჩემი ბავშვობის არაერთი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. სწორედ მისი წყალობით შეიძინა ამ მუზეუმმა მეორე სიცოცხლე, მან აქცია თიანეთის კულტურულ ცენტრად, მის მიერ დადგმულ არაერთ ღონისძიებაში მიმიღია ბავშვობაში მონაწილეობა, მირზას პოეზია თიანელებს ასე რომ გვიყვარს, დიდწილად მისი დამსახურებაა... ჩემი ამბავი უკვე იცოდა, სოციალური ქსელებიდან ვის რას გამოაპარებ, - გამამხნევა თავისებურად თბილად და მუზეუმში მიგვიპატიჟა, დრო გვქონდა და წავედით...
ისეთი ნოსტალგიური და სიხარულით სავსე იყო ამ მშობლიური და ძვირფასი გზის კიდევ ერთხელ გავლა... ეზოს კარი შევაღეთ და მოთიბული ბალახის სურნელი შემოგვეფეთა. ციცინო გვიბოდიშებდა, - დილით ადრე მოვთიბეთ და ჯერ გატანა ვერ მოვახერხეთო და რა კარგია, რომ ვერ მოახერხეს... ამ სურნელს თან ერთოდა ეზოში ციცინოს გაშენებული უამრავი ვარდის სურნელი და მწიფე ტყემლის არომატი, რაც საოცარ გარემოს ქმნიდა.
იდგა მირზას სახლი, ლამაზი აივნით და თითქოს ჩემი ბავშვობისკენ მეძახდა. მე აქ ყველა ნივთის ისტორია თითქმის მახსოვდა, მირზას სიყვარულის ისტორიებთან და რაც მთავარია, მის საოცარ ლექსებთან ერთად... ციცინო პირადად გაუძღვა ჩვენთვის ექსკურსიას და მეც ხარბად ვუსმენდი მის მოყოლილ ამბებს... გოგოებიც ბედნიერები ჩანდნენ... ბოლოს სარდაფში ახლად მოწყობილი პატარა დარბაზი, სცენით, დაგვათვალიერებინა, რომელიც სპეციალურად ღონისძიებისთვის გაეკეთებინათ...
ქიმიოთერაპიის გადასხმიდან მე-4 დღე იყო, შეიძლება ამის ბრალიც იყო, რომ ყველაფერი რეალურზე მეტად ზღაპრული მეჩვენებოდა, ჩემი ტვინი სხვანაირად თარგმნიდა ჩემი ბავშვობიდან გადმოსულ ზმანებებს და ახლებურ განცდებს არგებდა... ისეთი მადლიერების გრძნობა გამიჩნდა, ვუყურებდი ციცინოს, ჩემს გოგოებს და ვფიქრობდი, რა ბედნიერი ვიყავი...
მაიკო ბანკთან გველოდა, ამიტომ ავჩქარდით... ციცინოს დავპირდით, რომ კიდევ ვეწვეოდით და დავემშვიდობეთ...

ისევ მერიაში წავედით...
არასდროს დამავიწყდება მერიის თანამშრომლის, იმ საყვარელი ქალბატონის სახე, როდესაც ჩემი მოთხოვნილი მედიკამენტის ფასი და რაოდენობა ნახა. აფორიაქდა, აღარ იცოდა რა ექნა, რით დამხმარებოდა, ფორმა 100-ში 5 გადასხმა იყო მოთხოვნილი, რის ფასიც ჯამში 65 000 ლარი იყო...
- მედიკამენტების დაფინანსებაზე ძალიან დაბალი ბიუჯეტი გვაქვს, კანონით არის გაწერილი, 500 ლარის ფარგლებში შეგვიძლია დაფინანსება, ეს რა არის შენს საჭიროებასთან შედარებით, - მითხრა ძალიან შეწუხებულმა...
თუმცა სწრაფად მოაგვარა ყველაფერი, კიდევ რაღაც ბიუროკრატიული ბარიერებიც აღმოჩნდა გადასალახი, მაგალითად, ცნობა სოფლის რწმუნებულისგან, რომ ნამდვილად საყდრიონში ვცხოვრობდი, რისთვისაც თვითონ დარეკა, მითხრა, რომ დამახვედრებდნენ გამზადებულს, მე კი ელექტრონული ვერსიის გაგზავნაც შემეძლო. მოკლედ, მადლობა მას ამ დახმარებისა და თანაგრძნობისთვის...
ჩემთვის ეს იმედგაცრუება არ ყოფილა, ვიცოდი, რომ დაახლოებით ამგვარ დახმარებას მივიღებდი... ეს მაშინ, როდესაც უკვე ვიცოდი, რომ ბათუმისა და თბილისის მერიები გაცილებით დიდ თანხებს იღებდნენ კონკრეტულად ამ მედიკამენტის დასაფინანსებლად - მაგალითად, ჯერ კიდევ ჩემი მკურნალობის დასაწყისში ბათუმის მერიამ 5 გადასხმა დაუფინანსა ერთ-ერთ მოქალაქეს, თბილისისამ კი - 3.
მე არ ვამბობ, რომ არ უნდა უფინანსებდნენ, რა თქმა უნდა, დიდ ქალაქებს თავისი ბენეფისები უნდა ჰქონდეს, მაგრამ თვითონ სახელმწიფო ნუთუ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არ უნდა ქმნიდეს დაფინანსების ისეთ სისტემას, რაც მოქალაქეების თანასწორობაზე იქნება გათვლილი, ისე, რომ პატარა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ადამიანები დისკრიმინაციაში არ აღმოჩნდნენ?
სწორედ ამის გამო არ მომცა სინდისმა საშუალება დავრეგისტრირებულიყავი თბილისში, მე ეს შემეძლო, მაგრამ რა ქნას მუნიციპალიტეტის რიგითმა მცხოვრებმა, რომელსაც მსგავსი საჭიროება შეიძლება გაუჩნდეს?
ასე დასრულდა ჩვენი ვიზიტი მერიაში, საიდანაც საყდრიონში დავეშვით.
ნატა და გაბე იმ საღამოს მიფრინავდნენ, დათო და კოტე იქ დაგვხვდნენ, სწორედ მათ უნდა წაეყვანათ ისინი აეროპორტში. დედა ხინკლის კეთებაში დაგვხვდა, მაიკო და მარიკა კარგა ხანს არ ენახა და ძალიან გაიხარა... ვჭამეთ ევას საუკეთესო ხინკალი, მისი რეცეპტით შექმნილი ყაბაყის ნიგვზიანი ფხალი და გავუდექით გზას თბილისისკენ, მე კოტეს და დათოს გავყევი აეროპორტში, თაკო, მაიკო და მარიკა კი ერთად წავიდნენ...
მედუზის შიგნით
დადგა ქიმიოთერაპიის მეორე გადასხმის დღე.
მე და დათო დილაადრიან გავემზადეთ.
გადავწყვიტე, დღესაც მაღალ ქუსლებზე შევმხტარიყავი, გავიკეთე მაკიაჟი, უკვე ტრადიციის მიხედვით, გადავისვი წითელი პომადა და გავუყევით გზას. დათო კი მეუბნებოდა, - რა ძალა გადგას, ასე რომ იპრანჭებიო, მაგრამ მე ახალი მიზანი მქონდა - ის რძისფერი პალატა გამეფერადებინა.
გავიარე უკვე ნაცნობი რუტინა: რეგისტრაცია, რისთვისაც, ტრადიციულად, რიგში ჩადგომამ მომიწია, სისხლის აღება, ანალიზის პასუხის მოსვლამდე კაფეტერიაში ჩასვლა, შემდგომ დაბრუნება და ონკოლოგთან რიგში ჩადგომა, რომელმაც უნდა მოგცეს ვიზა, შედიხარ გადასხმაზე თუ არა...
გადავლახე ეს ყველაფერი და დადგა გადასხმის დარბაზში შესვლის დრო...
ნინი ღიმილით შემომეგება, ისე, როგორც ყველას ეგებება...
სიფრთხილით შევაბიჯე დარბაზში, პირველი, რაც დამეჯახა, საწოლებთან ჩამოკიდებული აპარატების უკვე ნაცნობი ხმაური იყო... იმ დღეს დარბაზში ბევრი ხალხი არ ჩანდა... იქაურობაც ისეთი შემაშინებელი აღარ იყო, როგორც ჩემს სიზმარში ან ნინის დიდი ფანჯრიდან მეჩვენებოდა... რძისფერი ნისლიც თითქოს გამქრალიყო...
და ამ დროს დავინახე ნაცნობი, უკვე საყვარელი სახე - ხათუნა, რომელიც გამიძღვა საწოლისკენ ნომრით 8, - დღესაც ჩემი პაციენტი ხარო...
- მეგონა, ვია-აი-პიში მუშაობდი და აქ ვეღარ გნახავდი...
- არა, იქ კვირაში ერთხელ გვიწევს მორიგეობა, ძირითადად კი აქ ვართ...
გამისინჯა წნევა და პულსი, როგორც წინაზე, ისევ ისე გარბოდა ჩემი მაჩვენებლები... არადა, მე დიდად ვერაფერს ვგრძნობდი, ეს უხილავი შფოთი სადღაც ქვეცნობიერში შეკუჭული შიშის გამოძახილი იყო, რომლის გაკონტროლებასაც ვერაფრით ვახერხებდი...
ხათუნამ მოჩვენებითი საყვედურით შემომხედა:
- ჩემი დანახვის გეშინია, გატყობ...
- არა, რას ამბობ, შენი დანახვა მხოლოდ მახარებს, სამწუხაროდ, ყველაფრის გაკონტროლება არ გამოგვდის ადამიანებს, ქვეცნობიერებიდან ამოსული მაჯლაჯუნები არ მასვენებენ...
ხათუნამ ინტერესით შემომხედა და ღიმილით სცადა ჩემი ყურადღების გადატანა, - როგორ არის ის "საშიში" ქალი, დღეს აღარ მოვაო?
სიცილით ვუპასუხე, - თაკოს მხოლოდ პირველი გადასხმა უნდა გადაეღო, ასე რომ, მშვიდად იყავი-მეთქი... ორივემ ვიცინეთ, - მომიკითხეო... და კიდევ ერთხელ გადაამოწმა ჩემი გულისცემა და წნევა, იგივე ხდებოდა... ისევ მედიკამენტების ჩართვამ მოგვიწია...
ნელ-ნელა დარეგულირდა გულიც და სისხლის მიმოქცევაც და გადასხმაც დამიდგეს, და მაშინ მოვახერხე გარშემო კარგად მიმოხედვა...
