რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა "პაატა ბურჭულაძის საქმესთან" დაკავშირებით მიიღო?!
ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.
ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს. მოითხოვს როგორც მათი, ისე ყველა პოლიტპატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოს ბურჭულაძის წვდომა სათანადო სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებაზე, ასევე, უზრუნველყოს ოჯახთან მისი რეგულარული კონტაქტი. ასევე, მოითხოვს ბურჭულაძისთვის შეუფერხებელი საკონსულო წვდომის უფლების სრულ პატივისცემას“.
ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციური ფიგურების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო შევიწროება, უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების სრული თავისუფლება“.
ასევე, ევროპარლამენტარები „დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ“.
"ინტერპრესნიუსი"
განაგრძე კითხვა
