"ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა" - რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა?
სტიქიური პროცესები განვითარდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში. მომხდარ მეწყერზე სპეციალური განცხადება გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც.
სააგენტოს განმარტებით, ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება.
ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
სხვადასხვა წლებში სოფ. ლაილაშის ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.
სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადგილობრივები ადგილიდან ავრცელებენ კადრებს, რომელშიც ჩანს დანგრეული სახლები და ქვა-ღორღით დაფარული შენობები.
"მთელი ცხოვრების ნაშრომი, ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი, სახლი რომელიც ბედნიერებით და სიყვარულით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა, მასთან ერთად ჩემი ბავშვობა და ბედნიერი მოგონებები…" - წერს სოციალურ ქსელში ლედი ერაძე და იქვე ავრცელებს ვიდეოსაც. წყარო
