"სანამ მუშებს ჩაუშვებდა სამუშაოდ, მაღაროს შესამოწმებლად ჩასულა" - ტრაგედია ჭიათურაში - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი?
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში დაღუპული მამაკაცი, 63 წლის დავით კენჭოშვილია. ის მაღაროში ცვლის უფროსი გახლდათ და როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, ტრაგედია სწორედ მაშინ დატრიალდა, როცა ის შესამოწმებლად მაღაროში ჩავიდა.
მომხდარ ტრაგედიას ძალიან განიცდიან ადგილობრივები. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მშობლიურ სოფელში, თაბაგრევში გადმოასვენებენ.
“ეს დიდი ტრაგედია დღეს მოხდა, დათო კენჭოშვილია გარდაცვლილი, ძალიან კარგი პიროვნება, კარგი ადამიანი. თაბაგრები არის სოფელი ჭიათურაში და იქ დაიბადა დათო. ჩემი ბიძაშვილია. ეს თავზარდამცემი ამბავი დღეს სამტრედიაში გავიგე, იქაც ნათესავის გასვენებაში ვიყავი წასული და შემატყობინეს. სასწრაფოდ წამოვედი. ძალიან განვიცდი მომხდარს და ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. დათო 63 წლის იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ტექნიკუმი რომ დაამთავრა, მერე განაწილებით გაუშვეს აფხაზეთში, 90-იან წლებამდე და იქ მაღაროში მუშაობდა. წლების გამოცდილება ჰქონდა. აფხაზეთში წლების მანძილზე მუშაობდა და ცხოვრობდა, მერე ომი რომ დაიწყო, მოუწია იქაურობის დატოვება და წამოვიდნენ. გარკვეული პერიოდი დათო და მისი ოჯახი თბილისშიც ცხოვრობდა, ახლა მშობლიურ სოფელში იყო. ძალიან კარგი ოჯახი აქვს, ორი შვილის მამაა. მშრომელი, პატიოსანი ადამიანი. ალბათ სამი წელი იქნება, რაც შუქრუთის მაღაროში დაიწყო მუშაობა. ცვლის უფროსი იყო მაღაროში. დღეს მორიგე ყოფილა, სანამ ჩაუშვებდა მუშებს სამუშაოდ შესამოწმებლად თვითონ ჩასულა. სანამ შევიდოდნენ მუშები როგორც ვიცი, ვალდებულია ცვლის უფროსი შევიდეს და დაათვალიეროს სანგრევი ადგილი არის თუ არა უსაფრთხო და მერე უნდა შეიყვანოს იქ მუშები. ამიტომ შესამოწმებლად შევიდა, ერთი დიდი ქვა ჩამოვარდნილა საუბედუროდ ზუსტად იმ დროს და დაეცა მას თავზე, მოხდა ეს დიდი ტრაგედია. უბედურება დატრიალდა, დაიღუპა უაღრესად კარგი პიროვნება, ზედმეტს რომ ადამიანს არ ეტყოდა ისეთი კაცი იყო დათო. ოჯახის, ქვეყნის მოყვარული. კარგი ადამიანი დავკარგეთ ოჯახმა, სანათესაომ, სოფელმა და მთელმა ქვეყანამ. ახლა ექსპერტიზაზეა ქუთაისში გადასვენებული და ველოდებით ჩამოსვენებას სოფელში”, - ამბობს მომხდარით დამწუხრებული მისი მოსახელე და მოგვარე ბიძაშვილი, მერის წარმომადგენელი სოფელ საქველეთუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით კენჭოშვილი.
კიდევ ერთმა ადგილობრივმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ მომხდარის შესახებ ისაუბრა მედიასთან:
"მე რა ინფორმაციაც მაქვს, ჩამოინგრა ქვა და თავში დაეცა. ყველაფერი არის სოცკის და მისი ბანდის არასწორი დაგეგმარების ბრალი, ჩვენი მცდელობით უკვე ორჯერ შევუშვით შრომის ინსპექცია კომპანიაში და, როგორც ვიცით, რაღაც დარღვევებზე დააჯარიმეს, თუმცა იმავეს იმეორებენ, ჯარიმას იხდიან, რადგან არის მინიმალური, 6 000 ლარი დაახლოებით, სულ 7 შპს და 42 000 ლარი გადაიხადეს, ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ უსაფრთხოების წესების დაცვას, დაიღუპება ადამიანი და დააბრალებენ, რომ დაარღვია უსაფრთხოების წესები. დაღუპულია ცვლის უფროსი, რომელსაც გავლილი აქვს საინჟინრო სპეციალობა, ვერ ჩააბარებ 8-12 ადამიანს ისეთ ადამიანს, ვისაც არ აქვს გამოცდილება”
მომხდარზე განცხადება გაავრცელა კომპანიამაც:
“დღეს შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის დ.კ-ის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება. მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებთ მათ ამ მძიმე დროს. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით”,- ნათქვამია კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ გავრცელებული განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახის წევრებს.
(სპეციალურად საიტისთვის)
