
გიორგი მალანიას არა დანაშაულის შეუტყობინებლობას, არამედ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან - Netgazeti
პროკურატურის განცხადებით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე, გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა.
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი პირველ ივლისს დააკავეს. უწყებამ ამ დღეს თქვა, რომ ის დაკავებული იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმა დაგეგმეს.
ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად.
გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლეს განზრახვის სისრულეში მოყვანა.
2025 წლის პირველ ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა ამბობს, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მალანიას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge