
„ლელო“: ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია - Netgazeti
„ლელო – ძლიერი საქართველო“ ეხმაურება ალეკო ელისაშვილის 13-წლით პატიმრობის მისჯას. პარტია აცხადებს, რომ ის „ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია“.
„ლელოს“ განცხადებით, ეს განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას და ის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტადაა ქცეული.
„ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან. განსაკუთრებით საგანგაშოა მცდელობა, იგი ტერორისტად წარმოჩინდეს მაშინ, როდესაც ტერორიზმის ბრალდება არ არის დამყარებული სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე. ალეკო ელისაშვილი, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესამდე, შალვა პაპუაშვილის პირით შერაცხეს ტერორისტად და ამით პირდაპირი დავალება მისცეს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მისაღებად. ალეკო ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და დაშინებისთვის. ვერც რეპრესიები, ვერც პოლიტიკური დევნა და ვერც უსამართლო განაჩენები ვერ შეაჩერებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეას ამ ქვეყანაში. ისტორია აუცილებლად შეაფასებს ამ რეჟიმის ქმედებებს და თითოეულ პასუხისმგებელ პირს საკუთარ ადგილს მიუჩენს“, – წერია განცხადებაში.
პარტია სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ალეკო ელისაშვილს, მის ოჯახსა და მეგობრებს.
ალეკო ელისაშვილს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.