
რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის საქმე - იურისტის განმარტება - Netgazeti
BLB-ის უფროსი პარტნიორი, იურისტი მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სამართლებრივ კითხვებს აჩენს.
მაია მწარიაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს წინასწარ არ უნდა სცოდნოდა, რა ახალი ბრალდების წარდგენას უპირებდნენ, ვინაიდან ახალ ბრალთან დაკავშირებით მასთან საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.
ამის შესახებ მაია მწარიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ცხადია, არაერთ სამართლებრივ შეკითხვას აჩენს. ბატონმა ღარიბაშვილმა რამდენიმე დღით ადრე წერილი გამოაქვეყნა და ამ წერილში თქვა, რომ სავარაუდოდ, ასარჩევად შესთავაზეს კორუფციული ბრალები და დღეს მართლაც გამოაქვეყნეს მისი ბრალდების დადგენილება. ეს იმას ნიშნავს, რომ, დიახ, მან ეს წინსწრებით იცოდა.
ნორმალურ შემთხვევაში მას ეს წინსწრებით არ უნდა სცოდნოდა, რადგან დღეს წარუდგინეს მას ბრალდება და მასთან ამ ბრალდებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები აქამდე ჩატარებული არ ყოფილა. საქმის მასალებით ასე იქნება, ყოველ შემთხვევაში და ახლა ბატონი ღარიბაშვილი მკითხავი არ გახლავთ და სიზმარში არ ნახავდა ამას. ფაქტია, რომ მან ეს იცოდა წინსწრებით და მე არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ, დიახ, ეს წერილი სინამდვილეს შეესააბამება და მე არც მაშინვე არ მეპარებოდა ეჭვი, რომ მასთან ეს ვაჭრობა მიდიოდა და მას ეს ინფორმაცია ჰქონდა. რაც უტყუარად დადასტურდა.
სხვა არცერთ შემთხვევაში მას ეს ინფორმაცია [რომ მის წინააღმდეგ ახალი ბრალი მზადდებოდა] ვერ ექნებოდა, იმიტომ, რომ რომელმა სხვა ბრალდებულმა ითანამშრომლა და რა ჩვენება მისცა გამოძიებას, მას ეს არ ეცოდინებოდა, რადგან მას დღეს წარუდგინეს მისი ბრალდება, დღეს უთხრეს, რომ ბრალდებული ხარო და, ფაქტია, მან ეს თქვა მანამდე, რომ კორუფციული ბრალდებები შესთავაზეს ასარჩევად.
თავისთავად ცხადია და ამას არ სჭირდება ისეთი სამართლებრივი განათლება, რომ ამას მიხვდეს ადამიანი, რა უბედურებებია ამის უკან“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
იურისტის თქმით, კითხვებს აჩენს ის საპროცესო შეთანხმებაც, რომლის საფუძველზეც ირაკლი ღარიბაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ვინაიდან ის ბუნდოვანი ბრალდებებით, დახურულ ვითარებაში გაფორმდა.
„ის ბრალდება, რაზეც საპროცესო შეთანხმება თავის დროზე გაფორმდა ბატონ ღარიბაშვილთან, მოგეხსენებათ, არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და სასჯელის მინიმუმი 9 წლიდან იწყება, ხომ? დიახ. ანუ, ჩვენ არ ვიცით, რა ჩაიდინა ამისთანა, ასე ვთქვათ, ბატონმა ღარიბაშვილმა, ამის უკან რა იყო, 5 წელი რატომ იყო შეთავაზება საპროცესო გარიგების? იმ ფონზე, როდესაც მისი ბრალდებები აბსოლუტურად თავისი აღწერილობით იყო ბუნდოვანი.
აკეთებდნენ ხოლმე კომენტარს, რომ ეს არ გახლავთ კორუფციული ბრალდებები. ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში საერთოდ არ გვაქვს მუხლი „კორუფცია“. კორუფციული შინაარსი მოიაზრება სხვადასხვა დანაშაულებში და სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა დანაშაულებში. კორუფცია რა არის, ხომ? მე, საჯარო მოხელის არამართლზომიერ ინტერესებს, შეღავათებს, სარგებელს როგორ მივიღებ? ანუ საიდან რა სარგებელს ვნახავ ჩემთვის.
თუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია თავისი არსით არ არის კორუფციული ბრალდება, აბა, მითხარით, რა არის სხვა კორუფციული ბრალდება? იმდენი ისაუბრეს, რომ ეს არ არის კორუფციული ბრალდებაო… კორუფცია არ ჰქვია არც ქრთამის აღებას. ქრთამის აღებასაც ქრთამის აღება ჰქვია. ანუ სიტყვა „კორუფციას“ სისხლის სამართლის კოდექსი არ იყენებს. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე როდესაც ვსაუბრობ, სხვა რა არის სახელმწიფო მოხელისთვის უფრო მეტი კორუფციული თავისი არსით“, – აცხადებს მაია მწარიაშვილი.
მაია მწარიაშვილის თქმით, მის პრაქტიკაში არ სმენია ისეთი შემთხვევის შესახებ, სადაც უკვე გაფორმებული საპროცესო შეთანხმების სასჯელს შემდეგ გაფორმებული საპროცესოს შთანთქმა შეეძლოს.
„მთელ ჩემს სამოსამართლო, საგამოძიებო, საპროკურორო პრაქტიკაში არ მსმენია, ასეთი შემთხვევა არ მქონია – ერთი საპროცესო [იყოს გაფორმებული] და შემდეგ საპროცესოს ფარგლებში რომ შთანთქავს ერთი სასჯელი მეორემ. მაგრამ ამ შემთხვევაში ესეც შესთავაზეს. ასეთივე შეთავაზება იყო, ჩემი თვალსაზრისით, პირველი საპროცესოც. საპროცესო შეთანხმება არ არის იარაღი მართლმსაჯულებით მანიპულირებისთვის.
ეს არის მეთოდი სწრაფი მართლმსაჯულების, როდესაც საქმის არსებითი განხილვის გარეშე ვთანხმდებით ბრალზე, სასჯელზე და ასე შემდეგ მხარეები. როდესაც საქმის არსებითი განხილვა არ მიმდინარეობს და ისე ვთანხმდებით, ასე ვთქვათ, ან ნაწილობრივ ბრალზე, სასჯელზე. აქ მთავარი რა არის, იცით? რითი ხელმძღვანელობს სახელმწიფო ბრალდება მაშინ, როდესაც საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობს ბრალდებულთან? საჯარო ინტერესით! აუცილებლად. საჯარო ინტერესი სისხლისსამართლებრივი პრიორიტეტებით განისაზღვრება“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
მაია მწარიაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ირაკლი ღარიბაშვილი თავის წერილებში პრობლემას ქვეყანაში არსებულ მართლმსაჯულების სისტემაში არ ხედავს.
„ქვეყნის ყოფილი პრემიერი საუბრობს, რომ აი, ასე შემომთავაზეს – აირჩიე, რომელიც გინდა. მისი წუხილი მიემართებოდა განა იმას, რომ როგორ შეიძლება შესთავაზო – აირჩიო, როგორი მართლმსაჯულება გესიამოვნება, რომელი ბრალდებით, რანაირად, რომელ მოწმესთან შეთანხმებით და ა.შ.? მის წერილში ეს არ ჩანს პრობლემად. მის წერილში თვითონ ხედავს პრობლემად, რომ რაღაცა იმაზე მეტი მოსთხოვეს, ვიდრე შეთანხმებული იყვნენ, გაწირეს… მოკლედ, ადამიანური სენტიმენტები.
მაგრამ ის, რომ ასეთი უბედურებაა ამ ქვეყანაში და რომ ის თავად არის შემოქმედი, აი, ამგვარი უბედურების, რომ ასეთი მართლმსაჯულება ყველანაირ სერვისს ეწევა ამ ქვეყანაში, ხომ, ვიღაცების ხელში, მიუხედავად იმისა, ვინ არის შენზე გაბრაზებული, ვის აქვს შენთან პირადი ანგარიშსწორებისთვის მოტივები, პოლიტიკური მოტივები და ათასი რამ, მართლმსაჯულების გამოყენება ხომ ხდება ამ პროცესში? ანუ მართლმსაჯულება არის იარაღი სხვადასხვა მოტივებით ანგარიშსწორებისთვის. ეს კი არ არის ბატონი ღარიბაშვილისთვის პრობლემა, რომ ასეთი ქვეყანა შევქმენით ჩვენ, მისთვის არის პრობლემა ის, რომ მას აქვს ეს პრობლემა დღეს და მას შეეხო“, – აცხადებს მაია მწარიაშვილი.
„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს ახალი ბრალდება წარუდგინეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ადვოკატის განცხადებით, ის ბრალს არ აღიარებს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.
პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა.
პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.
პირველად გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.
18 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში ის ივანიშვილის აღარ ახსენებს და ამბობს, რომ წინა დღით Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.
ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს. ღარიბაშვილს მდინარაძემაც უპასუხა.
20 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილმა „ოცნებას“ მიმართა და თქვა, რომ მოუწყვეს „ბინძური პროვოკაცია“; „არაკაცური მახე“ დაუგეს; მოატყუეს და გაწირეს; აუწიოკეს ოჯახი; სახლში შეუვარდნენ მის მშობლებს; ასევე სიმამრის ოჯახს. ამავე წერილში ის ამბობს, რომ მეორედ მიიღო მინიშნება მამამისის დაჭერასთან დაკავშირებით.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge