
ლილუაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე არ მოუმართავს - პროკურორი - Netgazeti
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მორიგი პროცესი მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე პროკურორმა მედიასთან თქვა, რომ დღეს პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს.
ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარეს ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა ლილუაშვილი ჩვენებას სასამართლო სხდომაზე:
„ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ბატონი გრიგოლი სასამართლო სხდომაზე მისცემს თუ არა ჩვენებას… ბატონი გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს არც რომეო მიქაუტაძის ეპიზოდში და არც სხვა არცერთ ეპიზოდში, რაშიც მას ბრალი აქვს წარდგენილი“, – ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ დაცვის მხარეს დაახლოებით 20 ადამიანის დაკითხვა მოუწევს, თუმცა მოწმეთა სიაში მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები არ შედიან.
პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა მედიასთან თქვა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს არ მიუმართავს უწყებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე:
„ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ამ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნამდვილად დასტურდება, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ოთხივე ეპიზოდი… ბრალდების მხარე ყოველთვის, ნებისმიერ საქმეზე, ბუნებრივია, განიხილავს ბრალდებულის განცხადებას და სურვილს, თუ იქნება ეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი არ აღიარებს ბრალად წარდგენილ არცერთ ეპიზოდს და, შესაბამისად, მას არც მიმართვა აქვს ამ მიმართულებით გაკეთებული“, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება ქრთამის აღება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათგან ორში რომეო მიქაუტაძეც ფიგურირებს, რომელმაც ჩვენება მისცა და თქვა, რომ ქრთამად აღებულ ფულს თავად აძლევდა ლილუაშვილს.
პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში მან თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის. მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი. მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს და ქოლ-ცენტრებს – მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge