
"აფხაზეთი შემდგარი სუვერენული სახელმწიფოა“ - სოხუმი გაეროს განცხადებას პასუხობს - Netgazeti
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება „ანტიაფხაზური და ანტირუსული პროპაგანდის ნაწილია“.
მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან – გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი დასავლური ქვეყნების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას და მას „პროპაგანდისტულ განცხადებას“ უწოდებს.
უწყების განცხადებით, ლატვიის წარმომადგენლის მიერ რამდენიმე დასავლური ქვეყნის სახელით გაკეთებული განცხადება „ისტორიული და სამართლებრივი რეალობის იგნორირებას“ ახდენს.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ასევე ამბობს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარება და რუსეთთან თანამშრომლობა „თვითგამორკვევის უფლების განხორციელების“ შედეგია.
უწყების მტკიცებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები „თანასწორუფლებიან და სტრატეგიულ“ ხასიათს ატარებს და ორ ქვეყანას შორის 100-ზე მეტი სახელმწიფოთაშორისი და უწყებათაშორისი შეთანხმება მოქმედებს. სოხუმი რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აფხაზეთის „სუვერენულ უფლებად“ მიიჩნევს.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთის ქვეყნებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს სხვადასხვა შემთხვევაში „უგულებელყოფენ“.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გავრცელებული განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს ოფიციალური დოკუმენტი არ არის და მას მხოლოდ საბჭოს წევრი ქვეყნების „ვიწრო ჯგუფი“ შეუერთდა.
„რესპუბლიკა აფხაზეთი შემდგარი, სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენი სამართლებრივი სტატუსი და გეოპოლიტიკური პარტნიორების არჩევანი გადასინჯვას არ ექვემდებარება“, – ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება სოციალურ ქსელებში, მათ შორის Instagram-ზე, Facebook-სა და X-ზე გაავრცელა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge