
აფგან სადიგოვი "პოლიტიკური განცხადების" გამო სასამართლო დარბაზიდან გააძევეს - Netgazeti
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მისი დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მისი დაკავება და სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია. ადვოკატის განცხადებით, როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, ამით სადიგოვის დაცვის უფლება დაირღვა.
3 ნოემბერს ლენქორანის მძიმე დანაშაულთა სასამართლოში სადიგოვის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ჟურნალისტის მეუღლის, სევინჯ სადიგოვას ინფორმაციით, მოსამართლე ანნაღი მამედლიმ თავდაპირველად დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ბრალდებული შუშის საკნიდან გამოიყვანეს, თუმცა მას ხელბორკილები არ მოხსნეს და ადვოკატის გვერდით დასვეს.
სხდომაზე პროკურორმა ბრალდების დასკვნითი ნაწილი წაიკითხა. საქმეში დაზარალებულად შვიდი პირია ცნობილი.
მოსამართლის კითხვაზე, ესმოდა თუ არა ბრალდება და აღიარებდა თუ არა დანაშაულს, სადიგოვმა უპასუხა, რომ ბრალდებაში წარმოდგენილი ინფორმაცია სიცრუეა და მისი დაკავება ჟურნალისტური საქმიანობის გამო, პოლიტიკური დაკვეთით მოხდა.
მოსამართლემ გააფრთხილა, რომ პოლიტიკური განცხადებების გაგრძელების შემთხვევაში სხდომა მის გარეშე ჩატარდებოდა, შემდეგ კი ბრძანა, რომ შუშის საკანში დაებრუნებინათ. მეუღლის თქმით, საკანში ჟურნალისტს ოთხი ზედამხედველი მიამაგრეს.
ადვოკატმა ნემათ ქერიმლიმ სხდომის გადადება მოითხოვა, რადგან ამ დრომდე არ ჰქონდა შესაძლებლობა, დაცვის ქვეშ მყოფს კონფიდენციალურად გასაუბრებოდა. პროკურორმა შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია, სასამართლომ კი პროცესის გაგრძელება გადაწყვიტა.
სადიგოვმა გადაწყვეტილება გააპროტესტა და განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესი მართლმსაჯულება არ იყო და თავად სასამართლოც პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებდა. ამის შემდეგ მოსამართლემ მისი დარბაზიდან გაძევება ბრძანა. სევინჯ სადიგოვას თქმით, ზედამხედველებმა ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რის შემდეგაც მან პოლიტიკური ლოზუნგების ყვირილი დაიწყო.
ადვოკატმა დაცვის უფლების დარღვევაზე მიუთითა და სხდომის გადადება ხელახლა მოითხოვა. ამჯერად მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესზე შესვენება გამოცხადა.
ადვოკატმა ასევე უკანონოდ შეაფასა ჟურნალისტის სასამართლო დარბაზში ხელბორკილებით ყოფნა. მისი განმარტებით, ხელბორკილების გამოყენება ბრალდებულის ტრანსპორტირებისას შეიძლება, თუმცა სასამართლო სხდომაზე ის ხელბორკილების გარეშე უნდა იმყოფებოდეს. ქერიმლის თქმით, ეს არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგან ბრალდებულს საზოგადოებასთან ვიზუალურად საშიშ დამნაშავედ წარმოაჩენს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ არის.
მომდევნო სასამართლო სხდომა 16 ნოემბერს გაიმართება.
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ გამოძალვის ბრალდებით ადრე შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმე განაახლა. 8 ივნისს სასამართლომ ჟურნალისტს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ივლისში აღკვეთის ღონისძიების ვადა 30 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივა.
2025 წლის 28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს აუკრძალა სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება მის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მიუხედავად ამისა, 2025 წლის 5 აპრილს საქართველო ჟურნალისტის დეპორტაციის გადაწყვეტილებით აზერბაიჯანში გადაიყვანეს. მანამდე, 4 აპრილს, სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
აზერბაიჯანში ჩაყვანის შემდეგ ჟურნალისტს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილი იყო და გაათავისუფლეს. მოგვიანებით საქმე განახლდა.
აფგან სადიგოვი ჟურნალისტური საქმიანობის გამო პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა კი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე სისხლისსამართლებრივ ბრალდებებს უკავშირდება და ჟურნალისტურ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.
„აზერბაიჯანის პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის“ კავშირმა სადიგოვი პოლიტპატიმრად აღიარა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტიმ კი აზერბაიჯანის ხელისუფლებას საქმის განახლების მიზეზების განმარტება მოსთხოვა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge