მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
გაოცებით წავიკითხე პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის თითქოსდა „უმადურობის“ შესახებ - სტეფანჩუკი - Netgazeti

გაოცებით წავიკითხე პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის თითქოსდა „უმადურობის“ შესახებ - სტეფანჩუკი - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

უკრაინის რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ომში მყოფ ქვეყანას „უმადურობაში“ უსაფუძვლოდ ადანაშაულებს.

რუსლან სტეფანჩუკის თქმით, საქართველოს მიერ გაეროს რეზოლუციისთვის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, არა ქველმოქმედება, არამედ ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა.

რუსლან სტეფანჩუკი განცხადებას ქართულ ენაზე აქვეყნებს.

„გაოცებით წავიკითხე პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის „უმადურობის“ შესახებ. გაეროს რეზოლუციისთვის „მხარდაჭერა“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, არა ქველმოქმედება ან გმირობა, ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს.

გაოცებით წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის მხრიდან თითქოსდა „უმადურობის“ შესახებ იმის გამო, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. ამბობენ: ნათქვამი სიტყვა ხანჯალი არ არის — ქარქაშში ვეღარ ჩააგებო.

უკრაინელები მადლიერი ერია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც გვეხმარება საკუთარი თავისუფლებისა და არჩევანის უფლებისთვის ბრძოლაში. და ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ ქართველი ხალხის. ხალხის, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის ღირსება. ხალხის, რომელიც თამამად გამოდის თავისი ქალაქების მოედნებზე უკრაინის მხარდასაჭერად. ხალხის, რომელიც ქართველ მოხალისეთა ბატალიონების შემადგენლობაში მხარდამხარ იბრძვის საერთო რუსი მტრის წინააღმდეგ.

ამ ფონზე გაეროს რეზოლუციისთვის „მხარდაჭერა“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა. ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს.

ამიტომ მათ, ვინც უკრაინის (რომელიც სისხლისგან იცლება სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლაში) მიმართ „უმადურობაზე“ მუდმივი საყვედურებით ლაპარაკობს, სინამდვილეში საკუთარი ღირსების დაკარგვას ფარავს და სანაცვლოდ მდაბალ მორჩილებას ავლენს, მინდა შევახსენო დიდი ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის სიტყვები:„არ არსებობს არც ადამიანის თავისუფლების ფორმულა და არც წამალი ადამიანური იდიოტიზმისგან. პოლიტიკური ეფექტურობა — არ არის მთავარი. მთავარია — თავისუფლება“. დაბოლოს: უკრაინას არ სჭირდება დარიგებები იმ მორალისტებისგან, რომლებიც „რუსული სამყაროს“ ნარატივების რეტრანსლატორებად გვევლინებიან. უკრაინას სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები — ისინი, ვისაც ესმის: რაშისტულ ბოროტებასთან ბრძოლაში კომპლიმენტებს კი არ ითვლიან, არამედ აფასებენ პოზიციასა და მხარდაჭერას“, – წერს რუსლან სტეფანჩუკი.

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წლისთავზე, გაერომ მორიგი რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტის მხარდამჭერი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ითხოვს სამხედრო ტყვეების გათავისუფლებას, იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებას.

“გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერა უკრაინაში” – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელსაც 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მათ შორისაა საქართველოც.

რეზოლუციაზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმადური ადამიანია.

„ზელენსკი არ იჩენს მადლიერებას არც ამერიკის, არც საქართველოს მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრინელ ხალხს. კიდევ ერთხელ გახსენებთ ზელენსკის სამარცხვინო განცხადებებს. საქართველოდან ელჩი გაიწვია იმის გამო, რომ ქართველები რატომ არ გამოუშვით ჩვენთან საომრად და დასახოცადო. მადლობა თქვან, თუმცა, საერთო ჯამში, მათი მადლობა დიდად არ გვჭირდება. ამ ყველაფერს უკრაინელი ხალხისთვის ვაკეთებთ, თავად ზელენსკის კი საბოლოო განაჩენს უკრაინელი ხალხი გამოუტანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია