
უკრაინელებმა ოლექსანდრივკის ფრონტზე 9 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს - Netgazeti
უკრაინულმა ძალებმა ოლექსანდრივკის ფრონტზე 9 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
უკრაინის საჰაერო-მოიერიშე ძალების პრესსამსახურის ცნობით, ასევე განადგურებულია დიდი რაოდენობით რუსეთის ტექნიკაც.
„ამ დროისთვის გათავისუფლებულია 9 დასახლებული პუნქტი. ჩვენს ზონაში მტრისგან გაწმენდილია სამი დასახლება, ამჟამად კი მუშაობა მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე პუნქტის გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო-მოიერიშე ძალები.
მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო-სადესანტო ძალების დანაყოფები და ქვედანაყოფები აგრძელებენ აქტიურ შეტევით ოპერაციებს ოლექსანდრივკის ფრონტზე.
უკრაინულმა ძალების ინფორმაციით, ოპერაციის განმავლობაში რუსული ძალების გამაგრებული პოზიციებიდან გამოდევნა სისტემატურად და გადამწყვეტად ხორციელდება. მათივე ცნობით, ზუსტი და მასშტაბური დარტყმებით ნადგურდება რუსული ძალების ცოცხალი ძალა, შეიარაღება, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა.
უკრაინელი ჯარისკაცების განცხადებით, ოპერაცია წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ჩატარდა. მიღებული გადაწყვეტილებებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენების შედეგად, ერთი კვირის განმავლობაში რუსულ ძალებს შეეზღუდათ წვდომა Starlink-ის ქსელთან. ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუსების ინფორმირებულობაზე და გაართულა მართვა და კონტროლი საწყის ეტაპზე, თუმცა რუსებს შეტევითი მოქმედებები არ შეუწყვეტიათ და წინსვლას აგრძელებდნენ.
მათივე ცნობით, საჰაერო დაზვერვის ქვედანაყოფები და FPV დრონების ჯგუფები უწყვეტად და ეფექტურად მუშაობენ — ისინი ახდენენ სამიზნეების იდენტიფიცირებას და განადგურებას, რის გამოც რუსებს უსაფრთხო ზურგი აღარ გააჩნიათ.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge