მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანს მოუწოდა, შეწყვიტოს სიძულვილი სომხების მიმართ - Meydan.tv - Netgazeti

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანს მოუწოდა, შეწყვიტოს სიძულვილი სომხების მიმართ - Meydan.tv - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანს მოუწოდა, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა დასრულდეს სიძულვილი სომხების მიმართ – წერს Meydan.tv.

გამოცემის ცნობით, კომიტეტმა ეს მოწოდება გააკეთა მაშინ, როდესაც განიხილავდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას „რამილ საფაროვის საქმის“ ფარგლებში.

სასამართლომ 2020 წლის 26 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) და მე-14 მუხლი (ეთნიკური დისკრიმინაციის აკრძალვა). რამილ საფაროვი 2004 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სასწავლო კურსების დროს სომეხი ოფიცრის, გურგენ მარგარიანის მკვლელობისთვის უნგრეთში სამუდამო პატიმრობას მიესაჯა. საფაროვმა აღიარა მარგარიანის მკვლელობა და განაცხადა, რომ სომეხმა სამხედრო მოსამსახურემ მისი ქვეყანა „შეურაცხყო“. 2012 წელს იგი აზერბაიჯანში ექსტრადიციით გადმოიყვანეს და პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, აზერბაიჯანმა მოსარჩელეებს 31 600 მანათი კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს.

მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას აჭიანურებს და შეახსენა, რომ ქვეყანამ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები.

კომიტეტმა კონკრეტულად მოუწოდა აზერბაიჯანს: გადაიხადოს დაკისრებული კომპენსაცია; საფაროვის შეწყალების შესახებ ბრძანება წაშალოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდიდან; უზრუნველყოს, რომ მას არ მიენიჭოს სახელმწიფო თანამდებობა; განმარტოს მისი მიმართ გაცემული სხვა პრივილეგიების საკითხიც.

ამავე დროს კომიტეტმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ აღადგინოს დიალოგი კომიტეტთან და მის სამდივნოსთან.

2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პარაფირებული იყო სამშვიდობო შეთანხმება. შეთანხმების მე-8 მუხლში ორივე მხარემ დაადასტურა, რომ კატეგორიულად უარყოფს შეუწყნარებლობას, რასობრივ სიძულვილს, დისკრიმინაციას, სეპარატიზმს, ძალადობრივ ექსტრემიზმსა და ტერორიზმს და ვალდებულია მათ წინააღმდეგ იბრძოლოს.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია