
რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს სრული ტიტულით არც სამძიმრის წერილში მოიხსენიებს - Netgazeti
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს, თუმცა ილია მეორეს სრული ტიტულით კვლავ არ მოიხსენიებს.
სამძიმრის წერილში, სადაც კირილი სრული ტიტულატურით მიმართავს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, ილია მეორე მხოლოდ უწმინდესად და უნეტარესად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არის მოხსენიებული.
„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ იმ მძიმე დანაკლისის გამო, რომელიც დაატყდა თავს ჩვენს და-ეკლესიას — საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ყოვლისპყრობელმა უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას უბოძა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე მის კეთილმოწყობაზე დაუღალავ ზრუნვას მიუძღვნა. უწმინდესი და უნეტარესი ილიას პატრიარქობის თითქმის ორმოცდაათი წელი მთელი ეპოქა გახდა საქართველოს ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის ცხოვრებაში. თავისი მოშურნე მსახურებითა და განსჯის განსაკუთრებული ნიჭით, განსვენებულმა მოიპოვა გამორჩეული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საზოგადოებრივ წრეებშიც ერთმორწმუნე საქართველოში. როგორც უამრავი ბავშვის ნათლიამ, მან ნამდვილი სულიერი მამობა გაუწია მთელ კეთილმორწმუნე ქართველ ხალხს, რომელიც ხედავდა მასში ღვთის სიბრძნეს“, — ნათქვამია წერილში.
კირილის თქმით, განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქი ინარჩუნებდა ტრადიციულად კეთილ ურთიერთობებს რუსეთის ეკლესიასთან.
„მოსკოვის სასულიერო სასწავლებლებში მიღებული განათლების შემდეგ, იგი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა სიყვარულს ღირსი სერგისა და მისი სავანის მიმართ; აუცილებლად მიაჩნდა ამ სოფლის სტიქიონთაგან ჩვენი ხალხების ქრისტესმიერი სულიერი ერთიანობის დაცვა. რუსეთის ეკლესიის საზღვრებში არაერთი ვიზიტისას, იგი ყოველთვის ხვდებოდა ყველაზე გულთბილ დამოკიდებულებასა და პატივისცემას მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრავალრიცხოვანი მორწმუნეების მხრიდან. მართლმადიდებელ წინამძღოლთა შორის ასაკით უხუცესს, თავისი ბრძნული სიტყვით, მდიდარი გამოცდილებით, ღრმა ეკლესიურობითა და მაღალი ავტორიტეტით, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა წმინდა ღვთის ეკლესიათა მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში. გვწამს, რომ მისი სულიერი ანდერძი დარჩება საიმედო ორიენტირად ჩვენს საერთო მართლმადიდებლურ ოჯახში და დაგვეხმარება ყველას, რათა „მშვიდობის საკვრელით შევინარჩუნოთ სულის ერთობა“, — ნათქვამია წერილში.
რუსეთის პატრიარქის თქმით, პირადად მას „ძალიან კეთილი და ნდობით აღსავსე“ ურთიერთობა ჰქონდა ილია მეორესთან, რაც საშუალებას აძლევდათ, აზრები გაეცვალათ და ობიექტური შეფასება მიეცათ საბჭოთა კავშირში მაშინდელი ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობების სფეროში მიმდინარე მოვლენებისთვის.
„ამ ნდობამ ძალიან დაგვაახლოვა და დაგვეხმარა ერთობლივ მუშაობაში, რათა შეგვემსუბუქებინა უღმერთო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ტვირთი და უკეთესობისკენ შეცვლილიყო მართლმადიდებელი ეკლესიების მდგომარეობა ჩვენს იმდროინდელ ერთიან ქვეყანაში“, — წერს პატრიარქი კირილი.
რუსეთის ეკლესია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოფიციალურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას ცნობს, თუმცა ინტენსიური ურთიერთობები აქვს როგორც აღნიშნული რეგიონების სასულიერო, ისე საერო „ხელისუფლებების” წარმომადგენლებთან.
ამასთან, რუსეთის საპატრიარქო ტრადიციულად სრული სტატუსით არ მოიხსენიებდა საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც, ამავდროულად, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიცაა.
ილია მეორეს სრული ტიტულია: სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.
იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კირილმა ახსენა მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის ტიტული, თუმცა გამოტოვა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge