მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ივანიშვილმა გადაწყვიტა: „ჩემი ბიზნეს ინტერესებისთვის მირჩევნია რუსეთთან დავრჩე“ - ევროპარლამენტარი - Netgazeti

ივანიშვილმა გადაწყვიტა: „ჩემი ბიზნეს ინტერესებისთვის მირჩევნია რუსეთთან დავრჩე“ - ევროპარლამენტარი - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ევროპალრამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი ბიზნეს ინტერესებისთვის რუსეთთან დარჩენა სჯობს.

როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, „ქართული ოცნება“ გულმოდგინედ მალავს თავის დღის წესრიგს ევროპული გზის მიტოვების შესახებ. მისი თქმით, ეს რომ „ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებამდე ღიად ეთქვა, არჩევნების შედეგები, გაყალბების პირობებშიც კი, განსხვავებული იქნებოდა.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„დაზუსტებით ვერ გეტყვით, რა ლოგიკით იხელმძღვანელა ან ზუსტად როდის გადაწყვიტა ივანიშვილმა, რომ ბიზნესისადმი მიდგომა რუსეთის სასარგებლოდ შეეცვალა. თუმცა ფაქტია, რომ ახლა მოცემულობა ასეთია. გარკვეულ მომენტში მან მართლაც გადაწყვიტა: „არ მინდა დასავლური სამყაროს ნაწილი ვიყო, ჩემი ბიზნეს ინტერესებისთვის მირჩევნია რუსეთთან დავრჩე“.

არის ერთი საკვანძო ელემენტი, რომელსაც მუდმივად ვიმეორებ: „ქართული ოცნება“ გულმოდგინედ მალავს ფარულ დღის წესრიგს ევროპული გზის მიტოვების შესახებ. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ რომ ეთქვა, ევროპული გზის მიტოვება გვსურსო, არჩევნების შედეგები, გაყალბების პირობებშიც კი, სრულიად განსხვავებული იქნებოდა“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

ნაჩო სანჩეს ამორმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირი იმის გამო, რომ ის საქართველოსთან დაკავშირებით ქმედით ზომებს ვერ იღებს. მისი თქმით, ის სანქციები, რაც ევროკავშირმა დიპლომატიურ პასპორტებისთვის დააწესა, დაცინვაა.

„ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით სერიოზულს არაფერს აკეთებს. ეს ხუმრობა დიპლომატიურ პასპორტებზე — უბრალოდ დაცინვაა. ყველას აქვს მეორე პასპორტი. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს რეალური ზომები იმისთვის, რომ ხელი შეეშალოს ამ ხალხს სხვა პასპორტების გამოყენებაში (და არა დიპლომატიურის), რათა მათ კვლავაც არ იარონ პარიზის მოდის კვირეულებზე ან არ მოინახულონ თავიანთი შვილები საფრანგეთის ძვირადღირებულ კოლეჯებსა და სასწავლებლებში.

ერთი წლის წინ ვიყავი საქართველოში და საზოგადოებას ვუთხარით: „ევროკავშირი მზადაა დააწესოს რეალური, მასშტაბური სანქციების სია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ“. ჩვენ ვიყავით ამის კომუნიკატორები. მოგვიანებით კი, როგორც ჩანს, გაჩნდა სამართლებრივი პრობლემა, რომელიც მანამდე გათვალისწინებული არ იყო. ჩვენ დავენახვეთ საქართველოს საზოგადოებას და ვუთხარით, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

არა მხოლოდ არ მოხდა, არამედ ჩნდება კითხვა: რატომ არ სთავაზობთ საბჭოს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქცირების რეჟიმს? გთხოვთ, ნუ მეტყვით, რომ ერთსულოვნება არ გაქვთ. ვიცი, რომ არ გაქვთ. არ გყავთ უნგრეთი, მაგრამ ამით მაინც გააგზავნით პოლიტიკურ გზავნილს, რომ საქართველო სრულ იზოლაციაშია და მხოლოდ უნგრეთის ფარი იცავს. გთხოვთ, გააკეთეთ ეს. ქალბატონ კალასსაც ვუთხარით და ყოველთვის ერთი და იგივე პასუხია — „ერთსულოვნება არ გვაქვს“.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. უნდა გვქონდეს რეაქცია. მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ გაერთიანებულ სამეფოზე ნაკლები არ ვართ. მათ ეს გააკეთეს. მათ ნამდვილად არ სჭირდებათ ერთსულოვნება. თქვენ კი სანქციების პაკეტი საბჭოს უნდა გაუგზავნოთ, რადგან ამის გაკეთება მხოლოდ უმაღლეს წარმომადგენელს შეუძლია. შემდეგ კი გამოხვალთ და იტყვით: „ეს არის ჩვენი პოზიცია, თუმცა უნგრეთის ვეტომ დაგვბლოკა“ ეს სჯობს უმოქმედობას[…]

არანაირი სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, არანაირი რეალური სანქციები მათ მიმართ, ვინც ოპოზიციას არბევს და ოპოზიციის ლიდერებს ციხეში სვამს.

ასეთ პირობებში არჩევნების მოგება რთულია. თუმცა, როგორც კი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ რომელიმე ხომალდი პორტს უახლოვდება, მაშინვე, მხოლოდ მაშინ ჩნდება მსოფლიო სანქციები. ეს არის ორმაგი სტანდარტები.

ეს ორმაგი სტანდარტია. ჩვენ სრულ ანტი-პუტინისტურ ეიფორიაში ვართ და რეაგირებას მხოლოდ მაშინ ვახდენთ, როცა სადმე რუსეთი ჩნდება. მაგრამ, როდესაც ხალხს არბევდნენ, როდესაც რუსთაველის გამზირზე ხალხის დასარბევად ქიმიურ იარაღს იყენებდნენ, ჩვენ არავითარი რეაქცია არ გვქონია.

მხოლოდ მაშინ, როცა „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემი საქართველოს ერთ-ერთ პორტს მიუახლოვდა — და მოგვიანებით ისიც კი გავაუქმეთ — გაჩნდა სანქციების მუქარა. სწორედ ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია