
გამოწვევად რჩება დაუნის სინდრომის მქონე პირთა განათლება და დასაქმება - ომბუდსმენის აპარატი - Netgazeti
ნეტგაზეთი|netgazeti.ge
სახალხო დამცველის აპარატში საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ. მათ შორის არის განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის სერვისები, დასაქმების შესაძლებლობა, სტიგმა და ა.შ.
ამ საკითხზე განცხადებას უწყება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. 21 მარტს სწორედ დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
“საქართველოში, დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობა, ინკლუზიური განათლება და დასაქმების უფლების რეალიზება.განსაკუთრებით აღსანიშნავია, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო სერვისების სიმწირე, გეოგრაფიული მისაწვდომობა, მომლოდინეთა რიგები, რაც ზღუდავს საჭირო მომსახურებებით სარგებლობას. კვლავ პრობლემურია დაუნის სინდრომის მქონე პირთა ჯანდაცვის უფლების რეალიზება. სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული თანადაფინანსების მექანიზმი და მათი საჭიროებების მიმართ ინდივიდუალიზებული მიდგომის არარსებობა არაპროპროპორციულ ტვირთად აწვება დაუნის სინდრომის მქონე პირებს და მათ ოჯახებს, აბრკოლებს მათ წვდომას ჯანდაცვის სერვისებზე.დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინკლუზიის გზაზე დამატებით ბარიერს ქმნის ინტელექტუალური ნიშნით შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ადამიანების მიმართ არსებული მომეტებული სტიგმა, სტერეოტიპული დამოკიდებულებები და ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე წვდომის კუთხით არსებული დაბრკოლებები”, – წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს შშმ პირთა საზოგადოებაში სრულფასოვან ჩართულობას.
გაზიარება:
N
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge