
ღუდუშაურმა დანაშაული აღიარა და ხელი ჯუანშერ ბურჭულაძეს დაადო - Netgazeti
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ-ნახევარი ლარის მითვისების საქმეზე დღეს ერთ-ერთი ბრალდებული, უწყების შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური გამოიკითხა.
ღუდუშაურმა, რომელიც 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა განთავისუფლებული, დანაშაული აღიარა. თქვა, რომ ნანობს, რაც გააკეთა, თუმცა პასუხისმგებლობა ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს დააკისრა. ბურჭულაძე ე.წ. წინასწარ პატიმრობაშია.
“დავალება მქონდა მინისტრისგან მიღებული, ეს დავალება თავის თავში გულისხმობდა, რომ ზედმეტი კითხვები არ უნდა დამესვა”, – განაცხადა ვლადიმერ ღუდუშაურმა დღევანდელ სხდომაზე.
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ არ ჰქონდა გამოცდილება და ცოდნა სამედიცინო ტექნიკის შესყიდვის. სწორედ ამას უკავშირებს, რომ თავის დროზე “ვერ მიხვდა”, სამინისტროს ბიუჯეტს ზიანს რომ აყენებდა. თუმცა ეს გაიაზრა გამოძიების დაწყებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ.
გარდა ამისა, ღუდუშაური ამბობს, რომ “ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს, რადგან დავალება პირდაპირ მინისტრისგან მიიღო”.
“დამიკავშირდა ბატონი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც მითხრა, რომ გორის ჰოსპიტლისათვის ტექნიკისა და ინვენტარის შესყიდვა, რომელიც უნდა შეგვესყიდა… მკითხა, ვიცნობდი თუ არა ზურაბ ტუკვაძეს […] მისგან და მისი მითითებებით განმეხორციელებინა [შესყიდვა].საქმის კურსში ჩავაყენე გიორგი ხაინდრავა [ბურჭულაძის მოადგილე], რომელმაც მითხრა, რომ მივყოლოდი მინისტრის მითითებას. დავუკავშირდი ბატონ ზურაბ ტუკვაძეს […] მან გადმომცა ორი კომპანიის კომუნიკაცია და აღნიშნულ კომპანიებთან უნდა ჩამეტარებინა შესყიდვა. ოფიციალური ფასთა გამოკითხვა ჩავატარეთ, რომელშიც მიიღო მონაწილეობა [ტუკვაძის მიერ დასახელებულმა ერთ-ერთმა კომპანიამ], დააფიქსირა 5 400 000 ლარი და გამოცხადდა გამარჯვებულად[…] მანამდე მე არ მქონდა გამოცდილება სამედიცინო ტექნიკის შესყიდვის. არც სპეციალური ცოდნა […] ვინაიდან დავალება მქონდა მინისტრისგან მიღებული, ეს დავალება თავის თავში გულისხმობდა, რომ ზედმეტი კითხვები არ უნდა დამესვა […] ვიაზრებ, რომ აღნიშნული ქმედებით მნიშვნელოვანი ზიანი მივაყენე ბიუჯეტს, ვნანობ აღნიშნულს”, – განაცხადა ვლადიმერ ღუდუშაურმა.
სხდომის დასრულების შემდეგ ღუდუშაურის ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ ღუდუშაურის დღევანდელი ჩვენების შემდეგ, სავარაუდოდ, მიმართავენ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით
“მან [ვლადიმერ ღუდუშაურმა] გადაწყვიტა, რომ ეთქვა სიმართლე და ოქტომბერში მისცა ეს ჩვენება. ამ ჩვენების მიცემის შემდეგ მას ბრალდების მხარემ შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება და, როგორც იცით, ახლა იმყოფება გირაოს ქვეშ. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური მოლაპარაკება არ გვაქვს ბრალდების მხარესთან. სურვილი და მზაობა, რა თქმა უნდა, არის ნებისმიერი ბრალდებულის, რომ მისთვის საშეღავათო პირობებით დასრულდეს ესა თუ ის საქმე […] რა თქმა უნდა, ის [ვლადიმერ ღუდუშაური] აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ საქმე დასრულდება საპროცესო შეთანხმებით”, – განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილე გიორგი ხაინდრავას, სამინისტროს შესყიდვებს დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. მათ ნაწილს, ყოფილ თანამდებობის პირებს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასაც. პროკურატურის ვერსიით, მათ ბაზრის კვლევისა გარეშე შეისყიდეს სამედიცინო ინვენტარი ერთ-ერთი კომპანიისგან.
“2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
ამავე თემაზე:
ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი გარემოცვა ციხეში რჩება — რა თქვა სასამართლოში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge