
„მოსკოვის მექანიზმი“ აღარ არის რაღაც რეზოლუცია, ეს სამართლებრივი აქტია - ხაბეიშვილი - Netgazeti
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა დღეს, 13 მარტს, გამართულ სასამართლო პროცესზე „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ კრიტიკული ანგარიშის შეასხებ ისაუბრა.
ხაბეიშვილის თქმით, ეს ანგარიში სამართლებრივი აქტია, რომელიც აუცილებლად ამოქმედდება, მათ შორის იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც რეჟიმს ემსახურება.
„მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავება პირდაპირ არის დაკავშირებული, მათ შორის, პოლიტპატიმრების საკითხზე, სინდისის პატიმრების საკითხზე, ამ ქვეყანაში უსამართლობაზე, მათ შორის ჩემს პირად საქმესთან დაკავშირებით ეს აბსოლუტურ შემხებლობაშია. საზოგადოებას უნდა ესმოდეს და მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც წარმოადგენენ ძალოვან უწყებას, ვინც წარმოადგენენ სასამართლოს, ვინც წარმოადგენენ პროკურატურას — ძალიან მძიმე დღეები უდგას სახელმწიფოს. არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ სახელმწიფოს.
„მოსკოვის მექანიზმი“ უკვე აღარ არის რაღაცა რეზოლუცია, რომელიც შეგონებაა რომელიმე სახელმწიფოსთვის და ხელისუფლებისთვის. ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც, საბოლოო ჯამში, იქნება დღეს, იქნება ხვალ, იქნება ზეგ თუ უახლოეს პერიოდში, ეს სამართლებრივი აქტი აუცილებლად ამოქმედდება, მათ შორის იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ემსახურება აი, იმ რეჟიმს, რომელიც უკვე პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილის განცხადება კი არ არის, ან საზოგადოების რომელიმე წევრის, არამედ არის უკვე ოფიციალური დოკუმენტი.
ახლა მართლა ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიდ ბრიტანეთზე შეუძლია იქირქილოს, რომ თურმე აღარც დიდი იქნება და აღარც ბრიტანეთი და ასეთმა ხალხმა დასცინოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს… მართლა თუ ვინმეს სერიოზულად წარმოუდგენია, რომ შარმანაშვილი, ზარქუა, ვოლსკი უნდა ლაპარაკობდეს აგდებულად საფრანგეთზე, გერმანიაზე, პოლონეთზე, ლიტვაზე, ლატვიაზე… სიმართლე გითხრათ, გული მიკვდება, როცა ვუყურებ ტელევიზორში და თეთრი შურით მშურს, სომხეთის პრემიერი პოლონეთის პრემიერთან ერთად როგორ ერთობა, როგორ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს განიხილავენ, როგორ დაძმობილდნენ… მერე გამოვხედავ აქეთ ჩემს ქვეყანას და შუა აზიაში, თურქმენეთსა და ტაჯიკეთში დადის ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროპაში რომ ჩავიდნენ, ვიზა სჭირდებათ.
ეს „მოსკოვის მექანიზმი“ მართლა არ არის გართობა და აქ პირდაპირ წერია, მათ შორის ჩემს საქმესთან დაკავშირებით მინდა ვუთხრა სასამართლოს: მე, ესე იგი, უნდა გამასამართლონ იმ გდდ-ს თანამშრომლების გამო, თავი რომ იგრძნეს შეურაცხყოფილად თურმე, რომელსაც მოვუწოდებდი, რომ თავ-ყბა არ დაალეწოს ხალხს, რომელმაც აქეთ დამალეწა თავ-ყბა და 27 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი წამება, პირდაპირი მნიშვნელობით“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშში
ხაბეიშვილმა მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლოში მის წინააღმდეგ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს მოუსმენენ, რომლებმაც თითქოს თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს ხაბეიშვილის განცხადების გამო, მაშინ როცა მისი ცემისთვის არავინ დაუკავებიათ.
„მე დაზარალებულად ვარ ცნობილი ამავე რეჟიმის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით ადამიანს იმისთვისაც არ მიუღწევია, დაზარალებული ყოფილიყო. აბა, სასამართლომ გაიაზროს, გდდ-ს თანამშრომლები მოჰყავს, ვინც მაწამა 27 წუთის განმავლობაში… მე პარლამენტის ტრიბუნიდან მოვყევი ამის შესახებ, ეს არ დაიკარგება არსად და ხვალ-ზეგ ამ ადამიანების წინააღმდეგ დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირად არ ვარ შურისძიებით გამსჭვალული. პირდაპირ ვამბობ, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, არც ერთი არ მაინტერესებს. მაგრამ ეს ეხება სახელმწიფოს.
შემდეგ სხდომებზე უნდა მოვიდნენ გდდ-ს თანამშრომლები და თქვან, რომ თურმე როგორ გაბედა ხაბეიშვილმა და თქვა, რომ ხალხს თავ-პირი არ დაალეწოთ და ხელისუფლება რომ შეიცვლება, თქვენ დაჯილდოვდებითო. ამის გამო შეურაცხყოფილად იგრძნეს თურმე თავი. მე უნდა გამასამართლონ და ამისთვის უნდა ვიჯდე ციხეში. ეს ხომ არ არის კანონიერი და სამართლიანი. ამას უკვე აღარ ამბობს ხაბეიშვილი, ეს აღარ არის პოლიტიკური განცხადება. ეს პირდაპირ დაწერა ეუთომ მისი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაში, რო ეს არის ადამიანების სისტემური წამება.
მე მინდა, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც არცერთს, მათ შორის ჩემს ოპონენტს ( მტრად არავის აღვიქვამ, მაგრამ შეიძლება ვინმე აღმიქვამს მტრად), არ ეშინოდეს სასამართლოში მოსვლის და რომ ელემენტარულ სამართალს მიიღებენ.
ეს მექანიზმი, კიდევ ვამბობ, არის გაფრთხილება კონკრეტული უწყებებისთვის. მერე ხვალ-ზეგ რომ [იტყვით], „იცით, რა, მე დავალება მქონდა და იმიტომ გავაკეთე ასე“… თქვენ ადამიანების ბედზე თამაშობთ, ხალხო… ეს არ არის, რა ჰქვია, სახუმარო ამბავი. თორემ უამრავი კრიმინალი არის ამ ქვეყანაში, უნდა დააპატიმრონ, სასამართლო უნდა გაიმართოს…
სასამართლოს და პროკურორს არ ეგონოს, რომ ეს აღარ არის ჩემი სუბიექტური აღქმები. ეს არის უკვე სამართლებრივი დოკუმენტი შექმნილი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილმა ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე და ის ვამპირს შეადარა
„ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი. ვამპირი როგორია, ნახეთ: მიდის, გკბენს და რომც არ უნდოდეს ადამიანს, რომ სისხლის მწოველი ვამპირი გახდეს, ის ხდება ვამპირი და აკეთებს ბოროტებას. ბიძინა ასეთი ვამპირია, ვისაც ეკარება, ყველას წოვს სისხლს და ყველას აქცევს ვამპირად. ვამპირებისთვის არის ერთი გამოსავალი: ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ვამპირს ეშინია მზის შუქის და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამიტომ, საქართველოში უნდა გათენდეს, იმისთვის, რომ ეს ბოროტება დამთავრდეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 339-ე მუხლი (ქრთამის მიცემა) და 317-ე მუხლი (საქვეყნოდ მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ).
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას ედავება საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირებას. საუბარია განცხადებაზე, სადაც ხაბეიშვილმა მიმართა გდდ-ის წარმომადგენლებს და თქვა, რომ „200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს 15 სექტემბრიდან პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება აქვს შეზღუდული.
სუს-ის გამომძიებელი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ლევან ხაბეიშვილს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა შეეზღუდოს.
ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეეზღუდა
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge