
ზახაროვას თქმით, ერევანმა არ მიიღო რუსეთის დახმარება ყარაბაღელებისთვის - Netgazeti
სომხეთი არ დაეთანხმა ყარაბაღიდან გადმოსახლებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტიის მიწოდებას რუსეთიდან – ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
„სწორედ დღეს მივაქციეთ ყურადღება იმას, რომ გავრცელდა გარკვეული ცნობები იმის შესახებ, თითქოს ოფიციალურმა ერევანმა უარი უთხრა რუსულ მხარეს მის ინიციატივაზე – ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე მივიღეთ შეკითხვები – დაგვედასტურებინა თუ უარგვეყო ეს ინფორმაცია. იმისათვის, რომ არ გაჩნდეს რაიმე სპეკულაცია, გულწრფელად რომ ვთქვათ, თავიდან არ ვაპირებდით ამ თემაზე საჯაროდ კომენტარის გაკეთებას, მაგრამ რადგან კითხვები დაისვა, ამ საკითხზე უფრო დეტალურად შევჩერდები“, – თქვა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთს არასოდეს დაუტოვებია აღნიშნული რეგიონის მოსახლეობა მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე. მისი თქმით, მოსკოვი ასევე არასოდეს ყოფილა გულგრილი სომხეთში მცხოვრები ყარაბაღელთა ბედის მიმართ. მისივე თქმით, მოსკოვი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც “რესპუბლიკაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა”.
მისი თქმით, მაშინაც კი ერევანში რატომღაც დიდად კმაყოფილი არ იყვნენ რუსეთის მხრიდან დახმარებით. „იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ ოფიციალური არხებით გაკეთდა განცხადებები – ‘მადლობა, არ არის საჭირო’. ახლა კი გვაქვს კიდევ ერთი უარი: უარი ყარაბაღელთა მხარდაჭერის გაგრძელებაზე რუსეთის ჰუმანიტარული მისიის, ევრაზიისა და როსსოტრუდნიჩესტვოს ხაზით.
ზახაროვას თანახმად, აღნიშნული პროგრამა 2025 წლის ზაფხულში დაიწყო სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვის საპასუხოდ.
„ამ პერიოდში დახმარება გაეწია თითქმის შვიდი ათას ოჯახს ყველა დიდ ქალაქში, ასევე რესპუბლიკის ათეულობით შორეულ და რთულად მისადგომ თემსა და სოფელში. გადაცემული იყო საკვები პროდუქტები, პირველადი საჭიროების ნივთები და სპეციალური ბავშვთა ნაკრებები. იცით, საერთო ჯამში, რამდენი გადაეცა? დაახლოებით 140 ტონა”.
მისი თქმით, ის, რის გამოც ერევანმა ახალი პარტიის მიწოდება არ შეათანხმა, „უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს“.
„ახლა ციტატას მოვიყვან: ‘სომხეთის სამართლებრივი ნორმები ზღუდავს შემოწირულობებისა და საქველმოქმედო დახმარების მიწოდებას წინასაარჩევნო პერიოდში’. არ დავმალავ, ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, რას გულისხმობდნენ კონკრეტულად. მაგრამ, სამწუხაროდ, სომხეთის ოფიციალურმა პირებმა ვერ დააზუსტეს, რომელ სამართლებრივ აქტებზე იყო საუბარი”.
მისი თქმით, რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსის მიხედვით ასეთი შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ იმ სტრუქტურებზე, რომელთა სახელწოდება შეიძლება დაკავშირებული იყოს, მაგალითად, არჩევნებში მონაწილე პარტიების სახელებთან.
„შეიძლება სწორედ ეს იგულისხმებოდა? მაგრამ რა კავშირი აქვს ამას განხილულ სიტუაციასთან? საერთაშორისო ან საქველმოქმედო ორგანიზაციებს მხოლოდ აგიტაციის ჩატარება ეკრძალებათ”.
ზახაროვას განცხადებით, „აშკარაა, რომ ერევნის უარი სრულიად საქველმოქმედო და ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტის არმქონე ჰუმანიტარულ დახმარებაზე გამოწვეულია ხელისუფლების წინასაარჩევნო სურვილით, ფაქტობრივად მთლიანად წაშალოს რუსეთის ხსენება.“
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge