
თბილისში აცნობიერებენ, რომ კეთილდღეობის საწინდარი რუსეთთან თანამშრომლობაშია — ზახაროვა - Netgazeti
„თბილისში, გააცნობიერეს რა დასავლეთის ჭეშმარიტი მიზნები მათი ქვეყნის მიმართ, იწყებენ იმის გააზრებას, რომ საქართველოს კეთილდღეობის საწინდარი – არა კონფრონტაციაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობაშია“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დღეს, 25 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან უპასუხა „ტაო ნიუსის“ სახელით ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ დასმულ კითხვას. თავდაპირველად მჟავანაძემ მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და რუს ხალხს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის პატივის მიგებისთვის.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მიხეილ შვიდკოის საქართველოში ჩასვლა და პუტინის სახელით სამძიმრის გამოცხადება, მჟავანაძის მტკიცებით, „აღქმულ იქნა, როგორც მნიშვნელოვანი, მეგობრული და სიმბოლური სიგნალი“. ის დაინტერესდა, შემდგომ რა პრაქტიკული ან დიპლომატიური იმპულსი შეიძლება მოჰყვეს ასეთ ნაბიჯებს?
„რუსეთში ღრმა მწუხარებით მიიღეს ცნობა მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილიას გარდაცვალების შესახებ. ის იყო ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი ლიდერი, მთელი ძალებით მიისწრაფოდა მართლმადიდებლური ერთიანობის შენარჩუნებისკენ, იცავდა ტრადიციულ ღირებულებებს. ამან მას პატივისცემა და ავტორიტეტი მოუპოვა მთელ ქრისტიანულ სამყაროში“, — განაცხადა ზახაროვამ.
მან თქვა, რომ რუს და ქართველ ხალხებს ძალიან მჭიდრო ისტორიული კავშირები აქვთ.
„ამის გათვალისწინებით, რიგ საკითხებზე არსებული ცნობილი პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, ჩვენ ხელს ვუწყობთ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. როგორც ჩანს, ქართული მხარე ასევე დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით“, — განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან ურთიერთობა საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია და ქართული ექსპორტის 70% დსთ-ის ქვეყნებზე მოდის და არა — ევროკავშირზე.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოსთან ჩვენი კავშირები ბუნებრივი ხასიათისაა და არა ხელოვნურად ვინმეს მიერ ვინმესთვის თავს მოხვეული. ჩვენ დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ. საკუთარი თავის მიმართაც არ ვაძლევთ სხვებს ამის უფლებას და თავადაც არასოდეს ვქადაგებთ მსგავს მიდგომას. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ძალისხმევის კონცენტრირებას ვახდენთ ადამიანებს შორის კონტაქტების განვითარებასა და ეკონომიკურ ურთიერთქმედებაზე“, — დასძინა მან.
ასევე, ზახაროვამ ისაუბრა პირდაპირი ფრენების აღდგენასა და ტურიზმის განვითარებაზე. მისი თქმით, რუსები საქართველოში „მიდიან არა ეგზოტიკისთვის, არამედ ქართული სიწმინდეებისთვის თაყვანის საცემად“, რისთვისაც ახლა „კიდევ ერთი საბაბი გაჩნდება.
„ეს, ჩემი აზრით, კიდევ ერთი ნათელი დასტურია ორი ხალხის საერთო ისტორიისა და კულტურისა. ჩვენ მართლაც ერთ სულიერ საძირკველზე ვდგავართ. ჩვენ ერთსა და იმავე ღირებულებებს ვიცავთ. რუსეთში გულწრფელად უხარიათ, რომ ხალხებს შორის კონტაქტები და ეკონომიკური თანამშრომლობა მზარდი ტრაექტორიით ვითარდება. რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, შემიძლია გავიმეორო: თუ და როდესაც ამისთვის მზად იქნებიან თბილისში, მოსკოვში თავს არ აარიდებენ საქმიან საუბარს. დიალოგზე უარი რუსეთთან, ისევე როგორც 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები, სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მემკვიდრეობის ნაწილია. ასეთი მიდგომის უპირატესობის რაციონალურად დასაბუთება საქართველოსთვის, ალბათ, რთულია“, — განაცხადა მარია ზახაროვამ.
მან 2008 წელს რუსეთის აგრესიაში საქართველოს წინააღმდეგ დასავლეთი დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს იყო დასავლეთის პროვოკაცია არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge